არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განვითარებულ მოვლენებსა და მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას ქართულ სპორტულ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა UFC-ის ვარსკვლავს საჯაროდ მიმართა და ამ რთულ მომენტში სრული სოლიდარობა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, უსმანი საკუთარ გარემოცვასთან ერთად მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის საბა ლაბიშვილს დაუპირისპირდა. ინციდენტის ფონზე, ლიპარტელიანმა თანამემამულეს ემოციური გზავნილი გაუზიარა და შეახსენა, რომ მის უკან მთელი ქვეყანა დგას.
"ჩვენი სიამაყე ხარ და გვინდა, ეს სიყვარული იგრძნო. ქართველები ერთმანეთს არასდროს ვტოვებთ! თავი მაღლა, ჩემპიონო, მთელი გულით შენთან ვართ!" - დაწერა ტიტულოვანმა ძიუდოისტმა.
ჯერჯერობით ღიად რჩება მთავარი კითხვა: იმოქმედებს თუ არა მომხდარი ფაქტი მანქანას უახლოეს სპორტულ კალენდარზე. ქართველი მებრძოლი საამიროებში RAF-ის ეგიდით დაგეგმილი სერიოზული გამოწვევისთვის ემზადებოდა, მას მიმდინარე შაბათ-კვირას გრეპლინგში მარლონ მორაესთან უნდა ეჭიდავა. გაიმართება თუ არა ეს დაპირისპირება სასტუმროში მომხდარი სკანდალის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.