მანჩესტერ სიტის ყოფილმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ კრიშტიანუ რონალდუს 1000-გოლიან მიზანზე ისაუბრა.
როგორც Dailysports წერს, არგენტინელის აზრით, კარიერის ნაადრევად დასრულება რომ არ დასჭირვებოდა, ამ ნიშნულს შესაძლოა პორტუგალიელზე ადრე მიეღწია.
„გულწრფელად ვფიქრობ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები რომ არა, 1000 გოლს შესაძლოა კრიშტიანუზე ადრე მივსულიყავი. ამას მისი მიღწევების დასაკნინებლად არ ვამბობ. რასაც ის აკეთებს, წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მის ასაკში. უბრალოდ, ასე ვფიქრობ“, - თქვა აგუერომ.
არგენტინელმა კარიერა 2021 წელს, 33 წლის ასაკში დაასრულა. მას გულის პრობლემა ბარსელონაში თამაშისას დაუდგინდა. მანამდე აგუერომ მანჩესტერ სიტიში ათი სეზონი გაატარა, პრემიერლიგა ხუთჯერ მოიგო და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
კარიერის განმავლობაში ფეხბურთელმა 426 გოლი გაიტანა.