-
Aa
+
ფონტის ზომა
იმიტომ რომ, ჩემს პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს
უპასუხა კვერნაძემ იტალიელი ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ თამაშობს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. გიორგისა და ხვიჩას შორის მართლაც ბევრი მსგავსებაა - ორი ქართველი მარცხენა გარემარბი იტალიაში, ორივე დინამო ბათუმიდან. ამ ფაქტს სერია ა-ს გვერდმა სახალისო მიმიც კი მიუძღვნა.
თუმცა კვერნაძის ბათუმური კარიერა ნამდვილად არ ყოფილა კვარას მსგავსი, მეტიც საბურთალოს აკადემიის აღზრდილმა ბათუმში გატარებულ ოთხ თვეში მხოლოდ 150 წუთი ითამაშა. თელავში გატარებული მშვენიერი პერიოდის შემდეგ ბათუმში დიდი იმედებით ჩასულ 20 წლის ფორვარდს დინამოელთა მაშინდელი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ნამდვილად არ სწყალობდა.
ფეხბურთი არ მინდოდა, ვარჯიშზე მისვლა არ მინდოდა. ყველაზე რთული ოთხი თვე იყო ჩემს ცხოვრებაში
საბოლოოდ ისე მოხდა, რომ კვერნაძე ფოთის კოლხეთის ფეხბურთელი გახდა და ისე რომ ფოთში ერთი დღითაც არ ჩასულა, იჯარით რომთან ძალიან ახლოს, ფროზინონეში აღმოჩნდა. ეროვნული ლიგიდან სერია ა-ში გადასვლა მარტივი არ აღმოჩნდა - ქართველმა 2023/24 წლების სეზონში სულ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჯამში 59 წუთი, ხოლო ფროზინონე ქვედა ლიგაში დაქვეითდა.
ტრანსფერმარკეტის ინფორმაციით ლაციოელებმა ქართველის სანაცვლოდ ფოთის კოლხეთს 900 ათასი ევრო გადაუხადეს და სერია ბ-ში მნიშვნელოვანი როლიც მიანიჭეს - კვერნაძემ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 19 ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სამ გოლსა და ხუთ საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. თუმცა ფროზინონეს კარგი სეზონი არ გამოუვიდა - გათამაშება მეთხუთმეტე ადგილზე დაასრულა და გასავარდნ საპლეიოფო ზონას მხოლოდ ერთი ქულით აცდა.
ბრწყინვალე გამოდგა კვერნაძის მესამე იტალიური სეზონი. ქართველი ფროზინონეს მარცხენა ფლანგზე უკონკურენტო იყო - 32 მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 5 გოლსა და 5 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. ფროზინონემ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა - 38 მატჩიდან 23 მოიგო და ელიტაში დაბრუნდა.
ახალ სეზონს კვერნაძე კიდევ უფრო კარგ ფორმაში შეხვდა - პირველივე ოფიციალურ მატჩში ფროზინონე იტალიის თასის პირველივე ეტაპზე თავისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს, იუვე სტაბიას დაუპირისპირდა- ლაციოელებმა 4:1 იმარჯვეს, ქართველმა გარემარბმა კი თავი ორი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კვერნაძემ ჩემპიონატის პირველ ტურებშიც საკმაოდ შედეგიანი იყო - მიუხედავად იმისა, რომ ფროზინონემ სერია ა იუვესთან რთული მატჩითა და მარცხით დაიწყო, მასიმილიანო ალვინის შეგირდებმა ჯერ ფიორენტინა გაანადგურეს, ხოლო შემდეგ დაძაბულ ბრძოლაში ვენეცია დაამარცხეს. გიორგიმ სამივე მატჩი სრულად ითამაშა - ფიორესთან შესანიშნავი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ვენეტოელებთან გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
ჩვენც გვყავს ჩვენი კვარაცხელია
ისმოდა ტრიბუნებიდან ფროზინონეს გულშემატკივართა შეძახილი - სამი ტურის შემდეგ ევროპის ტოპ 5 ლიგაში გიორგი კვერნაძეზე მეტი დრიბლინგი (13) მხოლოდ კილიან მბაპესა (18) და ლამინ იამალს (16) აქვთ შესრულებული.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ გიორგი ამ და უფრო მაღალ დონეზე თამაშს მთელი სეზონის მანძილზე გააგრძელებს და იტალიელებს ქართული ფეხბურთის სილამაზეს კიდევ ერთხელ გაახსენებს.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები