ინტერ მაიამი ნეშვილის წინააღმდეგ: რატომ შეიძლება გახდეს ეს მატჩი ისტორიული?
ლიონელ მესის ინტერ მაიამიმ კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში ნეშვილი უნდა დაამარცხოს, თუ ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელება სურს. პირველი მატჩი გუნდებს შორის უგოლო ფრით დასრულდა.
თუმცა, მომავალი დაპირისპირება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლით არ არის მნიშვნელოვანი — არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ამ შეხვედრას ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცლად აქცევს.
ემშვიდობება თუ არა ინტერ მაიამი ძველ სტადიონს?
ეს მატჩი შესაძლოა არგენტინელი კაპიტნისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს Chase Stadium-ზე. კლუბი 4 აპრილს ახალ არენას — Nu Stadium-ს გახსნის, რომელიც Miami Freedom Park-ში მდებარეობს და 26,700 მაყურებელს იტევს.
იმის გათვალისწინებით, რომ ინტერ მაიამი 22 მარტს ნიუ იორკ სიტის ესტუმრება, მესი კი შემდეგ არგენტინის ნაკრებში გაემგზავრება (სადაც 31 მარტს გვატემალას დაუპირისპირდებიან), გამოდის, რომ ნეშვილთან შეხვედრა ხავიერ მასკერანოს გუნდისთვის ძველ სტადიონზე ბოლო იქნება.
900 გოლი და კიდევ ერთი ტიტული
ოთხშაბათს, 18 მარტს გასამართი მატჩი ლეოს ინდივიდუალური კარიერისთვისაც გარდამტეხია: ერთი გოლის გატანის შემთხვევაში, მესის ანგარიშზე ოფიციალურ შეხვედრებში 900 გოლი დაგროვდება.
Olé-ს მონაცემებით, მესიმ იმ 19 ტურნირიდან, რომელშიც მიუღია მონაწილეობა, 16-ში გამარჯვება მოიპოვა. 2026 წლის მუნდიალის წინ, არგენტინელ ვარსკვლავს შანსი აქვს კოლექციას კიდევ ერთი თასი — კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგა შემატოს. თუმცა, მანამდე ნეშვილის ბარიერია გადასალახი — მეოთხედფინალში მხოლოდ გამარჯვება გადის.
რა ხდება ფრის შემთხვევაში?
თუ ძირითადი დრო ისევ 0:0 დასრულდა, დაინიშნება ორი 15-წუთიანი დამატებითი ტაიმი, საჭიროების შემთხვევაში კი პენალტების სერია. თუმცა, თუ გუნდები გოლებს გაცვლიან და თამაში შედეგიანი ფრით დასრულდება, შემდეგ ეტაპზე ნეშვილი გავა სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით. აღსანიშნავია, რომ დამატებით დროში ეს წესი აღარ იმოქმედებს.
ფაქტია, წინ ნამდვილი საფეხბურთო დრამა და ისტორიული მატჩი გველის.