ლიონელ მესის, რაფა ნადალისა და მუჰამედ ალის წარმატება უდავოა, თუმცა ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ ცაციები მაღალი დონის კონკურენციისთვის მემარჯვენეებზე უკეთ არიან დაპროგრამებულნი.
კვლევა, რომელიც ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, იტალიის კიეტი-პესკარას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარებმა ჩაატარეს.
რატომ არიან ცაციები მემარჯვენეებზე წარმატებულები?
სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების უმრავლესობა მემარჯვენეა, ხოლო მოსახლეობის მხოლოდ 10.6%-ია ცაცია. სწორედ ეს თვისება ასოცირდება ხშირად იმ უპირატესობებთან, რომლებსაც ისეთი ვარსკვლავები ფლობენ, როგორებიც არიან მესი, ნადალი და ალი.
ექსპერტებმა ორი ექსპერიმენტი ჩაატარეს. პირველ ეტაპზე 1100-ზე მეტი ადამიანის მონაცემები შეაგროვეს, რომლებმაც სპეციალური კითხვარების მეშვეობით საკუთარი ფსიქოლოგიური მოტივაცია და პიროვნული თვისებები შეაფასეს. ამით მეცნიერებმა გამოთვალეს „ლატერალიზაციის კოეფიციენტი“ (LQ): ადამიანის მიერ ამა თუ იმ ხელის უპირატესი გამოყენების საზომი.
შემდეგ ეტაპზე მკვლევარებმა შეარჩიეს გამოკვეთილი მემარჯვენეები და ცაციები, რათა დაედგინათ კავშირი მათ კონკურენტუნარიანობასა და შფოთვის დონეს შორის.
კონკურენციის წყურვილი გონებაშია და არა ფიზიკურ უნარებში
კვლევამ აჩვენა, რომ ცაციებს ბევრად მაღალი მაჩვენებლები აქვთ ე.წ. „ჰიპერკონკურენტუნარიანობაში“. მემარჯვენეებისგან განსხვავებით, ისინი ნაკლებად არიან მიდრეკილნი, რომ შფოთვის გამო კონკურენციას თავი აარიდონ. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბრძოლის სურვილი გონებაში დევს და არა მხოლოდ კონკრეტულ ფიზიკურ უნარში.
კვლევის საბოლოო თეორია ასეთია: მემარჯვენეობა შესაძლოა მომგებიანი იყოს დიდ ჯგუფებში მუშაობისას, თუმცა ცაციაობა უდიდეს უპირატესობას იძლევა ერთი-ერთზე დაპირისპირებისას, რაც სპორტის ბევრ სახეობაში გადამწყვეტი ფაქტორია.