ქართველი მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია 21 ნოემბერს კატარში, სანტიაგო ლუნას წინააღმდეგ UFC-ის ოქტაგონზე გამოვა.
Eurosport-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ხანგრძლივი და დამღლელი წლის მიუხედავად, თავს შესანიშნავად გრძნობს და უდიდესი მოტივაცია აქვს. ტაქტიკურ დეტალებზე საუბრისგან თოფურიამ თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მოსამზადებელი პერიოდის ნამუშევარს გულშემატკივარი უშუალოდ ბრძოლის დღეს იხილავს.
ალექსანდრეს თქმით, ის ნებისმიერ მეტოქეს პატივს სცემს, თუმცა ოქტაგონზე დასათმობად არავისთან გადის. მისთვის მოწინააღმდეგის ცნობადობასა და სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია საკუთარი მენტალიტეტი და ვარჯიშის უცვლელი ინტენსივობა.
ინტერვიუს დიდი ნაწილი დაეთმო მისი ძმის, ილია თოფურიას ბოლოდროინდელ მარცხს. ალექსანდრეს შეფასებით, სპორტში წაგება ჩვეულებრივი მოვლენაა და მთავარია, რეალობა მიიღო, რათა მომავალი შეცვალო. მან მკაცრად გააკრიტიკა ე.წ. ექსპერტები, რომლებიც ილიას მარცხს აბსურდულ მიზეზებს, მათ შორის ვარცხნილობასაც კი უკავშირებენ და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები რეალობას არიან აცდენილი.
რაც შეეხება ძმის მიმართ დამოკიდებულებას, ალექსანდრემ ხაზი გაუსვა, რომ მისთვის არაფერი შეცვლილა:
ილია ისევე მიყვარს, როგორც ადრე. ეს რომ ჩვეულებრივი სპარინგი ყოფილიყო, პირველი რაუნდის შემდეგ ბრძოლას გავაჩერებდი და მას საავადმყოფოში წავიყვანდი თვალის შესამოწმებლად, თუმცა ეს ოფიციალური შეხვედრა იყო. მარცხი მტკივნეულია, მაგრამ ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ მან ამდენი ფიზიკური დაზიანება მიიღო