-
Aa
+
ფონტის ზომა
ალექსანდრე თოფურიას ორგანიზაციაში მომდევნო ბრძოლა პრაქტიკულად შეთანხმებული აქვს და 21 ნოემბერს, UFC Qatar-ზე, მექსიკელ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება. ინფორმაცია ბოლო საათებში MARCA-მ დაადასტურა.
ქართველ-ესპანელი მებრძოლი ოქტაგონს ბოლო ბრძოლის შემდეგ თითქმის ზუსტად 1 წლის თავზე დაუბრუნდება. 2025 წლის 22 ნოემბერს მან ბეკზატ ალმახანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ეს UFC-ში მისი მე-2 ბრძოლა იყო ორგანიზაციასთან კონტრაქტის გაფორმებისა და ოფიციალური დებიუტის შემდეგ, რომელიც იმავე წლის თებერვალში შედგა.
მაშინ, ავსტრალიაში გამართულ UFC 312-ზე, ალექსანდრე ფართო აუდიტორიის წინაშე კოლბი თიქნესის წინააღმდეგ წარდგა. თიქნესი ალექსანდერ ვოლკანოვსკის სავარჯიშო პარტნიორია, თუმცა თოფურიამ მას 15-წუთიანი ბრძოლის განმავლობაში აჯობა და გამარჯვება მოიპოვა.
UFC-ში 2-0 ბალანსით და სუპერმსბუქი წონის ერთ-ერთ საინტერესო მებრძოლად მიჩნეული ალექსანდრე კარიერაში ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევისთვის ემზადება.
ალმახანიც საკმაოდ რთული მეტოქე და სახიფათო სტრაიკერი იყო, თუმცა სანტიაგო ლუნასთან ბრძოლა კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა იქნება, რომელმაც უნდა აჩვენოს, რამდენად შორს შეუძლია თოფურიას წასვლა ტალანტებით სავსე დივიზიონში.
Borderboy, რომელსაც პროფესიონალურ კარიერაში 8-1, ხოლო UFC-ში 2-1 ბალანსი აქვს, მსოფლიოს წამყვან MMA ორგანიზაციაში პირველი მარცხის შემდეგ ბრუნდება.
ივნისში ის გამოცდილ ბრაის მიტჩელს დაუპირისპირდა. მიტჩელმა ბრძოლაში უპირატესობა მოიპოვა და დასრულებამდე სულ რამდენიმე წამით ადრე ლუნა მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
ეს ლუნასთვის მცირე შეფერხება აღმოჩნდა. UFC-ში პირველი ორი გამარჯვებისა და კრივის აგრესიული სტილის წყალობით, რომელიც ბევრ მექსიკელ მებრძოლს ახასიათებს, მან გულშემატკივრების მნიშვნელოვანი ნაწილის ყურადღება უკვე მიიპყრო.
მიტჩელთან მარცხამდე თავად სანტიაგო ლუნამ გამოთქვა სურვილი, ალექსანდრე თოფურიას დაპირისპირებოდა და მისი „ჰაიპი“ შეეჩერებინა. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.
თოფურიას გვარი MMA-ის სამყაროში დიდ ყურადღებას იპყრობს და ალექსანდრე, UFC-ში ჯერ კიდევ მოკლე კარიერის მიუხედავად, დივიზიონის არაერთი მებრძოლისთვის უკვე საინტერესო მეტოქედ იქცა.
ქვემსუბუქი წონის რამდენიმე მებრძოლმა მასთან დაპირისპირების სურვილი უკვე გამოთქვა. ქართველს ძალიან ცნობადი საბრძოლო დგომი აქვს, რომელიც მისი ძმის, ილია თოფურიას სტილს ჰგავს, თუმცა ალექსანდრე უფრო ხშირად ცდილობს ახლო დისტანციაზე ბრძოლას, გარდამავალ პოზიციებსა და ჭიდაობის გამოყენებას.
მას UFC-ში ჯერ არცერთი ბრძოლა ნაადრევად არ დაუსრულებია და ამის შეცვლას ლუნასთან შეეცდება. მექსიკელს კარიერაში დაუმარცხებელი სტატუსი უკვე დაკარგული აქვს, თუმცა კვლავ ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერი და განვითარების დიდი პოტენციალის მქონე მეტოქეა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები