-
Aa
+
ფონტის ზომა
მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონი სირილ განი ტიტულს ამერიკელი ჯოშ ჰოკიტის წინააღმდეგ დაიცავს, ხოლო სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი კაილა ჰარისონი ქამარს პირველად ორი წონითი კატეგორიის ყოფილ ჩემპიონ ამანდა ნუნესთან დაიცავს.
განმა აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილმა ჩემპიონმა ტომ ასპინალმა ტიტულის დატოვება გადაწყვიტა.
ბრიტანელი კვლავ ებრძვის იმ პრობლემებს, რომლებიც UFC 321-ზე განთან ბრძოლისას თვალში თითის მოხვედრის შედეგად მიღებულ ტრავმას მოჰყვა.
ორშაბათს ასპინალმა განცხადება გაავრცელა:
UFC-ს ვთხოვე, ამ განცხადების გაკეთების საშუალება მოეცა, რადგან არ მსურს მძიმე წონის დივიზიონი შევაფერხო.
იმავე განცხადებაში ასპინალმა აღნიშნა, რომ განთან მოსალოდნელი რევანშისთვის მზადებისას მარჯვენა თვალი კვლავ დაიზიანა და ახლა ექიმებისგან ბრძოლის ნებართვის მიღებას უნდა დაელოდოს.
ასპინალის რეაბილიტაციის პერიოდში განმა UFC Freedom 250-ზე ალექს პერეირას ნოკაუტით მოუგო და დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
იმავე საღამოს ჰოკიტმა დერიკ ლუისი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და 2025 წლის ნოემბრის შემდეგ ოქტაგონში მე-4 გამარჯვება იზეიმა.
მას შემდეგ, რაც 2025 წლის აგვისტოში Dana White’s Contender Series-ის მეშვეობით UFC-ის კონტრაქტი მოიპოვა, 28 წლის ჰოკიტმა 4 ბონუსი მიიღო.
მათ შორის იყო „საღამოს საუკეთესო პერფორმანსისა“ და „საღამოს საუკეთესო ბრძოლის“ ბონუსები, რომლებიც UFC 327-ზე კერტის ბლეიდსთან დაპირისპირებისთვის დაიმსახურა.
ღონისძიების თანამთავარ ბრძოლაში ჰარისონი და ნუნესი საბოლოოდ გამართავენ დაპირისპირებას, რომელსაც გულშემატკივრები წლების განმავლობაში ელოდნენ.
მას შემდეგ, რაც ნუნესმა 2023 წლის ივნისში კარიერა დაასრულა, ჰარისონთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად განიხილებოდა, რომელსაც ბრაზილიელის ოქტაგონზე დაბრუნება შეეძლო.
ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა UFC 316-ზე, როდესაც ჰარისონმა ჯულიანა პენია მტკივნეული ილეთით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც ნუნესი ოქტაგონში შევიდა და ამერიკელს პირისპირ დაუდგა.
თავდაპირველად მათი ბრძოლა წლის დასაწყისში UFC 324-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა ჰარისონი იძულებული გახდა შეხვედრას გამოთიშვოდა და ოპერაცია ჩაეტარებინა.
ის ფაქტი, რომ ჰარისონი ტიტულს პირველად სწორედ ნუნესის წინააღმდეგ დაიცავს, ამ დაპირისპირებას ქალთა MMA-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მოსალოდნელ საჩემპიონო ბრძოლად აქცევს.
UFC-ში გადასვლამდე ჰარისონი დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზაციის გარეთ მოასპარეზე ერთ-ერთ საუკეთესო ქალ მებრძოლად მიიჩნეოდა.
მან UFC 300-ზე დებიუტი ჰოლი ჰოლმის მტკივნეული ილეთით დამარცხებით აღნიშნა. 6 თვის შემდეგ ჰარისონმა კეტლენ ვიეირასაც მოუგო და პენიასთან საჩემპიონო ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ნუნესისთვის, რომელსაც ფართოდ მიიჩნევენ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქალ მებრძოლად, ეს კიდევ ერთი ჩემპიონის დამარცხებისა და ისედაც გამორჩეული მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობა იქნება.
ამ დროისთვის ნუნესს სუპერმსუბუქი წონის ყველა ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული, გარდა ჰარისონისა. ამანდა ნუნესისთვის ეს სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი ბრძოლა იქნება.
სანახაობრივი ბრძოლები და მოულოდნელობები - რა მოხდა UFC 331-ზე?

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები