ჯოანდერსონ ბრიტომ კარიერაში ამ დრომდე ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა.
UFC 331-ზე, რომელიც ლოს-ანჯელესში იმართება, ბრაზილიელმა გიგა ჭიკაძე პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და პრელიმების ნაწილი ეფექტური გამარჯვებით გახსნა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლამდე ბრიტო ბუკმეიკერების აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, შეხვედრა შედარებით ნელა დაიწყო. ჭიკაძე ძველ ფორმას გვახსენებდა, ეფექტურად იყენებდა ჯებს და მეტოქეს ძლიერ დარტყმებს აყენებდა როგორც თავში, ისე კორპუსში.
ბრიტოსთვის ვითარება არცთუ კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჭიკაძე უნებლიედ მოცურდა და ბრაზილიელს ზედა პოზიციის დაკავების შესაძლებლობა მისცა.
ბრიტომ მაშინვე დაიწყო მძიმე დარტყმების სერია პარტერში. რამდენიმე დარტყმამ მიზანს მიაღწია, ჭიკაძე კი თავის დაცვას ვეღარ ახერხებდა, რის შემდეგაც მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა.
31 წლის ბრიტოსთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-3 გამარჯვებაა. ჭიკაძესთან მოპოვებული წარმატება ამ ეტაპზე მის კარიერაში ყველაზე გახმაურებული გამარჯვებაა, თუმცა ბრაზილიელი, რომელიც ფინიშების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, კიდევ უფრო დიდი ბრძოლებისთვის ემზადება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბრიტოს კარიერაში დამარცხებული ჰყავს UFC-ის ტიტულის ორგზის პრეტენდენტი დიეგო ლოპესი. ბრაზილიელები ერთმანეთს 2021 წელს „Dana White's Contender Series“-ზე შეხვდნენ.
გიგა ჭიკაძემ კი UFC-ში ზედიზედ მე-4 ბრძოლა წააგო.