-
Aa
+
ფონტის ზომა
ღონისძიება სავსე იყო დრამატული მომენტებით, შთამბეჭდავი ნოკაუტებითა და მოულოდნელი შედეგებით, ხოლო ყველაფერი ჯოშუა ვანისა და ალეშანდრე პანტოჟას დაძაბულ მთავარ ბრძოლაში დაგვირგვინდა.
მათი პირველი დაპირისპირებიდან ერთ წელზე ნაკლები იყო გასული. მაშინ ბრძოლა დაწყებიდან რამდენიმე წამში ტრავმის გამო დასრულდა, ამჯერად კი ვანმა და პანტოჟამ გულშემატკივრებს სანახაობრივი რემატჩი შესთავაზეს.
ვანმა ახალგაზრდული სისწრაფე და სიზუსტე ეფექტურად გამოიყენა და დისტანციიდან პანტოჟას პრობლემებს უქმნიდა, ბრაზილიელი კი ცდილობდა მეტოქესთან დისტანცია შეემცირებინა და თავისი გრეპლინგისა და კლინჩში მუშაობის უპირატესობა გამოეყენებინა.
საბოლოოდ, ვანის ეფექტურობამ შედეგი გამოიღო, სამივე მსაჯმა გამარჯვება მას მიანიჭა და მან ტიტული მეორედ დაიცვა.
არმან ცარუკიანმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლის შემდეგი პრეტენდენტია.
მაურისიო რუფის ძლიერ იდაყვის დარტყმას ცარუკიანის მარცხენა თვალის მძიმე შეშუპება მოჰყვა, თუმცა სომეხმა მებრძოლმა ბრძოლა გააგრძელა და პირველივე რაუნდის ბოლო წამებზე მეტოქეს თავად უპასუხა გამანადგურებელი იდაყვის დარტყმით. რუფი უგონოდ დაეცა ოქტაგონზე და ცარუკიანმა გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა.
გამარჯვების შემდეგ ცარუკიანი ოქტაგონიდან გადახტა და ემოციურად იზეიმა, მან იცის, რომ მისი შემდეგი ბრძოლა ტიტულისთვის უნდა იყოს.
გარდა ამისა, UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა. გეიბლ სტივსონი UFC-ში მე-2 გამარჯვების მოსაპოვებლად უდიდეს ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა შონ შარაფს სხვა გეგმები ჰქონდა.
ბრძოლის წინ მთელი კვირის განმავლობაში მებრძოლები მედიის საშუალებით ერთმანეთს მწვავე განცხადებებით უპირისპირდებოდნენ, ოქტაგონში კი ყველაფერი რამდენიმე წამში დასრულდა, შარაფმა იდეალური მარცხენა ჰუკი მოარტყა სტივსონს და მეტოქე უგონოდ გათიშა.
ჯოშუა ვანმა (ჩემპიონი) ალეშანდრე პანტოჟა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა - 49-46, 48-47, 50-45;
არმან ცარუკიანმა მაურისიო რუფის პირველ რაუნდში ნოკაუტით მოუგო;
პატრისიო პიტბულმა დუ ჰო ჩოი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა;
შონ შარაფმა გეიბლ სტივსონი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა;
ალონზო მენიფილდმა ივო ბარანიევსკის მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით აჯობა - 29-28, 28-29, 29-28;
მარლონ ვერამ შარლ ჟურდენს მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო;
რობელის დესპანიემ ტაი ტუივასას მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით აჯობა - 29-28, 28-29, 29-28;
მაიკლ ასველ უმცროსმა ჯუსანგ იუ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა - 28-29, 29-28, 29-28;
რაიან განდრამ ოზი დიასი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა;
ედმენ შაჰბაზიანმა ბრუნო ფერეირას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო - 29-28, 29-28, 30-27;
ქეისი ო’ნილმა ედუარდა მოურა პირველ რაუნდში მტკივნეულ არმბარზე გამოიჭირა;
ჟოანდერსონ ბრიტომ გიგა ჭიკაძეს პირველ რაუნდში ნოკაუტით მოუგო.
VIDEO: დასანანი მარცხი - გიგა ჭიკაძემ ბრაზილიელ მეტოქესთან წააგო

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები