ინგლისის ნაკრებისა და არსენალის ნახევარმცველმა, დეკლან რაისმა ესპანეთისა და ბარსელონას ვარსკვლავის, ლამინ იამალის შესახებ ემოციური ისტორია გაიხსენა.
უემბლიზე გამართული მატჩის (სადაც ესპანეთმა 3:2 გაიმარჯვა) შემდეგ, ზურგისა და მუხლის პრობლემების გამო მოედანს მიღმა დარჩენილმა რაისმა საკუთარი შვილი გასახდელში სწორედ იამალის გასაცნობად შეიყვანა.
ესპანელმა ტალანტმა ბავშვთან ფოტოს გადაღებაზე მაშინვე თანხმობა განაცხადა, რამაც ინგლისელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:
ეს ნამდვილად სასიამოვნო იყო, რასაც, როგორც მამა, ძალიან ვაფასებ. ვიცი, რომ მას უმცროსი ძმა ჰყავს, რომელზეც ზრუნავს, ამიტომ ვფიქრობ, ეს საქციელი მისთვის სრულიად ბუნებრივია. ამ ჟესტმა მართლაც შემძრა
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, რაისმა საკუთარი შვილის ბარსელონას შემტევით აკვიატებაზეც ისაუბრა: „ვუთხარი, რომ მის წინააღმდეგ მომიწევდა თამაში და სულ მეკითხებოდა, რატომ უნდა ვეთამაშო ლამინს“.
ეს ორი ფეხბურთელი მოედანზე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, ევრო 2024-ის ფინალში შეხვდა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ახლა კი გუნდები ერთა ლიგის მეექვსე ტურში, მადრიდში, მეტროპოლიტანოს სტადიონზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მატჩს უდიდესი სატურნირო დატვირთვა აქვს, წყდება მესამე ჯგუფის გამარჯვებულის ბედი. ესპანეთი 15 ქულით დაუმარცხებლად ლიდერობს და პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ფრეც ჰყოფნის. თომას ტუხელის ინგლისს კი, რომელსაც 12 ქულა აქვს, მეოთხედფინალში მასპინძლის სტატუსის მოსაპოვებლად და მოქმედი ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონების ჩამოსაგდებად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.