ესპანურ ფეხბურთში მორიგი დიდი სკანდალი მწიფდება. მას შემდეგ, რაც ლამინ იამალმა ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა გამოტოვა, კრიტიკოსებმა ბარსელონას ვარსკვლავზე ნამდვილი შტურმი მიიტანეს და ეროვნული გუნდიდან თავის არიდებაში დასდეს ბრალი.
საპასუხოდ, კატალონიური გამოცემა Sport-ის ჟურნალისტმა, ალფრედო მარტინესმა ეს უსამართლო კამპანია მიწასთან გაასწორა. მისი განცხადებით, რეალობა სრულიად სხვაგვარია: ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ იამალს მუხლის ანთება და სახსარში სითხის დაგროვება დაეწყო. ვითარება იმდენად სერიოზული იყო, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის დე ლა ფუენტესაც კი მოუწია ფეხბურთელის დასაცავად სიმართლის ღიად თქმა და ტრავმის დადასტურება.
მარტინესი ყურადღებას გამაღიზიანებელ ორმაგ სტანდარტებზე ამახვილებს: როგორ ხდება, რომ გარკვეული გულშემატკივრები (პირდაპირი მინიშნება რეალზე) მშვიდად ხვდებიან საკუთარი კლუბის ფეხბურთელების არყოფნას საფრანგეთის ან ურუგვაის ნაკრებებში, მაგრამ 17 წლის იამალის ჯანმრთელობის პრობლემას ღალატად ნათლავენ? ჟურნალისტმა გაიხსენა გავის უმძიმესი ტრავმაც და აღნიშნა, რომ ბარსელონას მოთამაშეები ნაკრების წარმატებისთვის ისტორიულად ყოველთვის თავს სწირავენ.
"ის შეიძლება ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც მას ვერ იტანენ, ის არის, რომ 'ბარსელონაში' თამაშობს," - წერს კატალონიელი ჟურნალისტი და ახალგაზრდა ვარსკვლავს ემოციურად მიმართავს: "აპატიე მათ, იამალ, რადგან არ იციან, რას ამბობენ!"