ლუის დე ლა ფუენტე ერთი შეხედვით მშვიდი და მოქნილი მწვრთნელია, თუმცა რეალურად ის ესპანეთის ნაკრებს რკინის ხელით მართავს.
მისი გადაწყვეტილებები განხილვას არ ექვემდებარება და ვარსკვლავური სტატუსის მიუხედავად, პრივილეგიებით არავინ სარგებლობს. ამის ნათელი მაგალითი ლამინ იამალის ნაკრებში დაგვიანებით გამოცხადებასთან დაკავშირებული სკანდალია. პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა კრიტიკოსებს მკაცრად უპასუხა და აღნიშნა, რომ იამალს არანაირი პრივილეგია არ აქვს და ზუსტად ისევე მოიქცეოდა ნებისმიერი სხვა მოთამაშის შემთხვევაშიც.
იამალთან დაკავშირებით დე ლა ფუენტეს დაპირისპირება ბარსელონასთან და ჰანსი ფლიკთანაც მოუწია. გერმანელმა სპეციალისტმა ესპანეთის ნაკრები გააკრიტიკა იმის გამო, რომ ტრავმირებულ მოთამაშეს გამაყუჩებლებით ათამაშებდნენ. დე ლა ფუენტემ ფლიკს პირდაპირ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისგან მეტ ემპათიას ელოდა, რადგან თავადაც ყოფილი ეროვნული მწვრთნელია და კარგად უნდა იცოდეს, რამხელა პასუხისმგებლობა და რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს ამ პოზიციაზე მყოფ ადამიანს.
მწვრთნელისთვის მთავარი საზომი ფეხბურთელის მზადყოფნა და გუნდისთვის სარგებლის მოტანაა. სწორედ ამიტომ, მან უკან არ დაიხია ისეთი ვეტერანების გარიცხვისას, როგორებიც სერხიო რამოსი, დანი კარვახალი და ალვარო მორატა არიან. წარსული დამსახურებები ნაკრებში ადგილს არავის უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ბრაჰიმ დიასის მიერ მაროკოს არჩევის შემდეგ, დე ლა ფუენტემ მკაფიოდ განაცხადა, ესპანეთისთვის თამაში ფეხბურთელის სურვილი უნდა იყოს და ამის გაკეთებას არავის აიძულებს.
დე ლა ფუენტეს ფილოსოფიის კიდევ ერთი მთავარი დეტალი გუნდურობაა. ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის წინააღმდეგ მატჩში, როდესაც მან ლამინ იამალი 61-ე წუთზე შეცვალა, ფეხბურთელმა უკმაყოფილება ღიად გამოხატა. მწვრთნელმა მას ნათელი გაკვეთილი ჩაუტარა და განუმარტა, რომ თამაშის სურვილი ლეგიტიმურია, თუმცა მსგავსი რეაქცია შემცვლელი თანაგუნდელის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაა. დე ლა ფუენტეს კარიერა ამტკიცებს, რომ გუნდში საბოლოო სიტყვა ყოველთვის მწვრთნელს ეკუთვნის.