-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართული გუნდის მატჩიდან მატჩამდე წინსვლა ყველასთვის შესამჩნევია. პირველი თამაში ცუდი გამოვიდა, მეორე უკეთესი და მოგებასთანაც ახლოს ვიყავით. მართალია, გუშინ დავმარცხდით, თუმცა მეტოქე წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებული, კოპენჰაგენი, ხოლო თამაშის ხარისხი უკეთესი იყო.
კოპენჰაგენი დანიური ფეხბურთის ფლაგმანი, კონტინენტური ევროპის ყველაზე ძველი გუნდის შთამომავალი და უდიდეს ევროპულ ტურნირებზე ძალიან გამოცდილი კლუბია. პარკენის ატმოსფეროსნაირ გარემოს გამოუცდელმა იბერიამ კი მატჩის გადასარჩენად ბოლო წამებამდე იბრძოლა.
ამ თამაშს სერიოზულად არ აღვიქვამდით, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. იბერიამ მოლოდინებს გადააჭარბა
განაცხადა დანიელმა გულშემატკივარმა მატჩის შემდეგ.
მატჩი იბერიელთათვის მძიმედ დაიწყო - მეთხუთმეტე წუთზე დადასონის აქტიურობას იბერიას კარში დანიშნული პენალტი და გიორგი მაკარიძის ყვითელი ბარათი მოჰყვა. მეცხრამეტე წუთზე შეხვედრაში ანგარიში კოპენჰაგენის ლიდერმა, ნორვეგიელმა მოჰამედ ელიუნუსიმ გახსნა.
სამ წუთში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა - მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ვაჰიდ სელიმოვიჩმა ჩაჭრა. თითქოს თბილისური გუნდის ჩამოშლა გარდაუვალი იყო, თუმცა კორღალიძის შეგირდება მტკიცე ხასიათი გამოავლინეს და ბურთის კონტროლი და შეტევა განაგრძეს.
ერთ-ერთ ასეთ იერიშს კოპენჰაგენის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც თბილისელთა ცხრიანმა, ამირან ძაგანიამ ისარგებლა და 30-ე წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ძაგანიას გოლი ევროტურნირებზე ქართული კლუბის მიერ 22 წლის შემდეგ გასვლაზე გატანილი პირველი გოლი იყო.
მატჩის პირველი ნახევარი ყველანაირად თანაბარი გამოვიდა, გარდა ანგარიშისა:
ბურთის ფლობა - 50:50
დარტყმები - 5:5
კარში დარტყმები 2:2
კუთხურები 2:2
მატჩის მეორე ნახევარში უპირატესობა დანიური კლუბისკენ გადაიხარა, თუმცა არასამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ კოპენჰაგენმა რაიმე მნიშვნელოვანი შექმნა. მეტიც, თბილისელებმა 53-ე წუთზე გაათანაბრეს - წონასწორობა ჟან მარკ ტიბუემ აღადგინა, თუმცა გოლი ვიდეო გამეორებაზე ნახვის შემდეგ გაუქმდა.
მეორე ნახევარში დანიელებმა კარისკენ 7-ჯერ დაარტყეს, თუმცა აქედან კარში მხოლოდ ორჯერ. მაკარიძე საიმედოდ გამოიყურებოდა და თბილისელებს მატჩის გადარჩენის შანსს ბოლომდე უნარჩუნებდა.
სწორედ მაკარიძის კარიდან დარტყმასა და ძაგანიას თავურ პასს მოჰყვა იბერიელთა ბოლო მომენტი, რის შემდეგაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩის გადარცნის ბოლო შანსი, აშკარა კუთხური წაგვართვა.
წაიკითხეთ: დაჩაგრა თუ არა მსაჯმა იბერია?
მატჩი დასრულდა - იბერიამ ფეხბურთი ითამაშა და პარკენი თავაწეულმა დატოვა. ბიჭების თავდადება და მატჩის მოგების სურვილი ყველამ დაინახა.
გაგვიმართლა რომ მოვიგეთ
განაცხადა კოპენჰაგენის მთავარმა მწვრთნელმა ბო სვენსონმა.
"წაგებას არ ვიმსახურებდით. კოპენჰაგენი ძალიან ძლიერი გუნდია. მეორე გოლი რომ ჩათვლილიყო, უკვე მოსაგებად ვიბრძოლებდით." - განაცხადა მატჩის შემდეგ ნიკოლოზ დადიანმა.
სენტ-ტრუიდენთან მატჩის შემდეგ, ლევან კორღალიძე გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ იბერია შემდეგ მატჩებში უკეთესი იქნებოდა - პირობა შესრულდა, თამაშის ხარისხი მატჩიდან მატჩამდე საგრძნობლად გაუმჯობესდა.
იმედია სტერეოტიპი,კარგად ვითამაშეთ და ვერ მოვიგეთ, დაინგრევა
თქვა მატჩის შემდეგ იბერიას მთავარმა მწვრთნელმა.
“კარგი თამაში გამოვიდა, ყველა მატჩში ვუმატებთ. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნები ანგარიშით, მაგრამ ვიქნები ხარისხით. კოპენჰაგენს, გასვლაზე ასე ეთამაშო, ამდენი მომენტი შეუქმნა… დასანანია, რომ ასეთ თამაშში ქულაც ვერ ავიღეთ."
შეგახსენებთ, რომ უეფას კონფერენს ლიგის შემდეგ ტურში იბერია 1999 თბილისში ხეტაფეს უმასპინძლებს და პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება, რაშიც ქართველი გულშემატკივრის დახმარება ძალიან დასჭირდება.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები