ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Sports Illustrated საქართველოს ნაკრებისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის თამაშს სტატიას უძღვნის და მას გუნდის ყველაზე დაუფასებელ იარაღად მოიხსენიებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ლებრონ ჯეიმსის შემდგომ ერაში ლეიკერსმა გუნდის მშენებლობა ლუკა დონჩიჩის გარშემო დაიწყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი სწორედ სანდრო მამუკელაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ქართველი ფორვარდი მეექვსე მოთამაშის სტატუსით მოლოდინებს აჭარბებს და სეზონის საუკეთესო სათადარიგო მოთამაშის ტიტულის ერთ-ერთ კანდიდატადაც კი განიხილება.
ზედიზედ ორ მატჩში ჩაგდებული 23 ქულის შემდეგ, მამუკელაშვილი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმა შეაქო:
მინდა, მას ესმოდეს, რამდენად გვჯერა მისი თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, პირადად მე. მისთვის მთავარია იმის გააზრება, რომ მოედანზე დიდი თავისუფლება აქვს.
27 წლის ქართველ კალათბურთელთან შეთამაშებასა და მის პროგრესზე ლეიკერსის სლოვენიელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმაც ისაუბრა:
ვფიქრობ, ის უფრო და უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ცხადია, ახალ გუნდში მოვიდა და ადაპტაციას გადის, ეს კი ჩვენთვის დიდი პლუსია.
ქართველი ფორვარდის შემტევ პოტენციალს ხაზი გუნდის ცენტრმა, უოკერ კესლერმაც გაუსვა:
რაც უფრო მეტს თამაშობს, თავდაჯერებულობა ემატება. ის უკიდურესად ნიჭიერი შემტევი კალათბურთელია. ჩვენ გვჯერა მისი თამაშის და ის გუნდს მართლაც ძალიან ეხმარება.
მიმდინარე სეზონის პირველ 13 შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილი საშუალოდ 10.3 ქულას, 4.5 მოხსნასა და 1.6 შედეგიან გადაცემას აგროვებს. აღსანიშნავია მისი სროლის სიზუსტეც. ქართველი ფორვარდი თამაშიდან 49.5 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან 41.2 პროცენტით ისვრის.