ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის მსგავსად, რეალმა უფასოდ შესაძლოა ლივერპულის კიდევ ერთი მცველი წაიყვანოს.
AS-ის ინფორმაციით, იბრაჰიმა კონატემ, რომელსაც ლივერპულთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, კლუბს გახანგრძლივებაზე უკვე ორჯერ უთხრა უარი და კარიერის გაგრძელება მადრიდის რეალში სურს.
მერსისაიდული კლუბისთვის ამ ეტაპზე ორი გამოსავალია: ან ფეხბურთელი ამ ზაფხულსვე გაყიდოს, ან ერთი წლით დაიტოვოს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაყოლიების მიზნით, მაგრამ ამ შემთხვევაში გაისად მისი უფასოდ დაკარგვის რისკი გაიზრდება.
რეალმა იცის, რომ მომგებიან სიტუაციაში იმყოფება და ამიტომ, ამ ზაფხულს კონატეს სანაცვლოდ მზად არის მაქსიმუმ 20-25 მილიონი ევრო გადაიხადოს და თუ ლივერპული ამ ფულზე უარს იტყვის, 2026 წლის ზაფხულში ფრანგი უფასოდ დაიმატოს.
თავის მხრივ, ლივერპულს კონატეს სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონი ევროს მიღება სურს - ამ თანხის გადახდას, როგორც ზემოთხსენებული წყარო იუწყება, მადრიდელები არ აპირებენ.