ბრაზილიელმა მწვრთნელმა, აბელ ბრაგამ, კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის სისხლში სელესაოს ფერები არაა და მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს.
„ეს ფაქტი მაწუხებს. რა თქმა უნდა, ანჩელოტის პიროვნულ მხარეზე არ ვსაუბრობ, პირადად ვინც იცნობს, ყველა ძალიან კარგად ახასიათებს. მეორე მხრივ, როცა მის კანსა და პიჯაკს უყურებ, მათში ლურჯი და ყვითელი საერთოდ არაფერია.
ბრაზილიის ნაკრებმა 5 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ყველა ჯერზე მთავარი მწვრთნელი ადგილობრივი იყო და, ამ ფონზეც კი, ბრაზილიელ სპეციალისტებს მაინც რომ არ ენდობიან, სამწუხარო სწორედ ესაა.
ანჩელოტის პირველი თამაში ნაკრებში მახინჯი და საშინელი იყო, გუნდი დაცვაში იჯდა და ნერვიულობდა. მეორე დღეს გაკეთებული კომენტარებით კი გაკვირვებული დავრჩი. ისინი ხარისხზე საერთოდ არ საუბრობდნენ, ამბობდნენ, რომ ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიუახლოვდა.
ასეთივე თამაში დორივალის ან რომელიმე სხვა ბრაზილიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით რომ გვეთამაშა, სხვანაირი დამოკიდებულება იქნებოდა - დღეს და ღამეს კრიტიკაში გაასწორებდნენ. რადგან პირველი მატჩის შემდეგ პრესისგან ასეთი შვება იგრძნო, წნეხმა არც შემდეგ თამაშებში იმოქმედა.
იმედი მაქვს, ვცდები, მაგრამ არ მგონია, მან სელესაოს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინოს. ჩვენ ამისთვის ცოტა მეტხანს ლოდინი დაგვჭირდება. ეს სხვა თაობასთან ერთად მოხდება - ენდრიკი, ესტევაო და მათი თანატოლები დაიპყრობენ მსოფლიოს. ყველა მათგანი გასაოცარია“, - აღნიშნა ბრაგამ Globo Esporte-სთან.
აბელ ბრაგამ სამწვრთნელო კარიერა 1985 წლიდან დაიწყო და დღემდე ყველაზე დიდ მიღწევად აქვს შემდეგი ტიტულები - ერთხელ ბრაზილიის სერია A-ს მოგება (ფლუმინენსესთან ერთად) და თითო-თითოჯერ ლიბერტადორესის თასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოპოვებული ჩემპიონობა (ინტერნასიონალთან ერთად).
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ბოლივიაში დამარცხდა და აშშ-მექსიკა-კანადის მუნდიალის საგზური ციკლის მე-5 ადგილით მოიპოვა. თავად ბოლივია პლეი-ოფში ითამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4-ედ მოხვედრას შეეცდება - პირველად 1994 წლის შემდეგ.