UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალის პირველ მატჩში, დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდმა დინამო მინსკი, ნომინალური სტუმრის რანგში, 2:0 დაამარცხა - თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ, დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა, დავით გელაშვილმა Adjarabet Arena-სთან კომენტარი გააკეთა:
"პირველ მატჩში გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა და ამისთვის ბიჭებს მადლობას ვუხდი. ანგარიშის მიუხედავად, შეხვედრა მაინც რთული გამოვიდა, იყო ხარვეზები, რომელთა გამოსწორებას მომდევნო თამაშში შევეცდებით.
მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, ფიზიკურად ძლიერი და მთელი 90 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, ანგარიში ჩამორჩენა შეემცირებინათ, ეს მათ ხასიათსა და მენტალიტეტზე მეტყველებს. საერთო ჯამში, მათ მიერ ნაჩვენები თამაში დიდად არ განსხვავდებოდა იმისგან, რაც მატჩისწინა ანალიზის პროცესში გავარჩიეთ.
მაყურებელზე ვიტყოდი, რომ როდესაც ისინი ტრიბუნებზე არიან, ბიჭები ორმაგი მოტივაციით თამაშობენ. მათ მოვუწოდებ, რომ 10 დეკემბერს სტადიონზე მოვიდნენ, მხარი დაგვიჭირონ და წარმატება ერთად აღვნიშნოთ", - განაცხადა გელაშვილმა.
დინამო თბილისი საქართველოს ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციოს ფინალში გააღწია და ფინალურ ეტაპზე გასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
გუნდები საპასუხო მატჩს 10 დეკემბერს ითამაშებენ და დინამო არენაზე ყოფნა გულშემატკივარსაც შეეძლება.
ერთი ნაბიჯი მთავარ ეტაპამდე - დინამო თბილისმა დინამო მინსკი დაამარცხა