UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალის პირველ მატჩში, დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდმა დინამო მინსკი, ნომინალური სტუმრის რანგში, 2:0 დაამარცხა - თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა.
საქმე ისაა, რომ ბელარუსული კლუბი, უეფა-სგან შეზღუდვის გამო, საშინაო მატჩებს საკუთარ ქალაქში ვერ ატარებს და ამ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის წინა ორივე რაუნდი ასეთ პირობებში გაიარა - ყაზახეთის ჩემპიონ ორდაბასსა და ბულგარეთის ჩემპიონ ლუდოგორეცს 2-2 შეხვედრა სტუმრად ეთამაშა.
შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველ 17 წუთში 2 გოლი შეაგდეს - მე-12 წუთზე ჰალიდ დოლტმურზიევმა გაიტანა, მე-17 წუთზე კი მისი პასით თავი გიორგი გვასალიამ გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ 18 წლის დოლტმურზიევმა მიმდინარე საკვალიფიკაციოზე ჩატარებულ მე-5 მატჩში მე-7 საგოლე მოქმედება მიითვალა - 5 გოლი და 2 ასისტი.
ასევე 18 წლის გვასალიასთვის ტურნირზე პირველი საგოლე მოქმედებაა - სადებიუტო თამაში ჩაატარა.
თამაშის დარჩენილი დროც ჩვენების ინიციატივით წარიმართა და ანგარიში აღარ შეცვლილა. ბელარუსები ბოლო 15-20 წუთში გააქტიურდნენ და პოზიციური შეტევები ჰქონდათ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს.
დინამო თბილისი საქართველოს ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციოს ფინალში გააღწია და ფინალურ ეტაპზე გასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
დინამო (4-2-3-1): ჩოჩოშვილი - დიაკონიძე (მიქაუტაძე; 71), გლუნჩაძე, ლომიძე, ხუციშვილი - ძნელაძე (გვაზავა; 81), ბერელიძე - გვასალია, დანელია (ნათენაძე; 71), ოდიკაძე (დონკორი; 88) - დოლტმურზიევი (ალექსიძე; 81). მთ. მწვრთნელი: დავით გელაშვილი.
შედეგად, დინამო თბილისმა, საპასუხო მატჩის წინ, 2-ბურთიანი უპირატესობა შეიქმნა. გუნდები 10 დეკემბერს ითამაშებენ და დინამო არენაზე ყოფნა გულშემატკივარსაც შეეძლება.
"ანგარიშის მიუხედავად, რთული შეხვედრა გამოვიდა" - დავით გელაშვილი დინამო მინსკთან მატჩზე