UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალის პირველ მატჩში, დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდმა დინამო მინსკი, ნომინალური სტუმრის რანგში, 2:0 დაამარცხა - თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ, დინამო თბილისის ცენტრალურმა მცველმა, გიორგი ლომიძემ Adjarabet Arena-სთან კომენტარი გააკეთა:
"ბედნიერები ვართ, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა მატჩის განმავლობაში ყველაფერი ჩვენთვის სასურველი სცენარით არ წასულა და სირთულეების გადატანაც მოგვიწია.
სამწვრთნელო სტაფმა ძალიან კარგად იმუშავა, მეტოქე შეისწავლეს და მოგვცეს ის კონკრეტული დავალებები, რომლებიც ასეთ შეხვედრაში წარმატების მისაღწევად არის საჭირო.
ვთვლი, რომ მეტოქე ყველა საფეხბურთო ასპექტში დავჯაბნეთ - ტექნიკურად, ტაქტიკურად, ფიზიკურად, თუმცა იყო ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზე მომდევნო მატჩისთვის უნდა ვიზრუნოთ.
დღეიდან უკვე მომდევნო თამაშზე ვფიქრობთ და ვეცდებით, 10 დეკემბერს გასამართი შეხვედრისთვის ოპტიმალურ კონდიციებში ვიყოთ.
გულშემატკივრის წინაშე თამაში საერთოდ სხვა მუხტი და ენერგიაა, მათ ვთხოვ, რომ გადამწყვეტ მატჩში ჩვენს გვერდით იყვნენ და მხარი ტრიბუნებიდან დაგვიჭირონ", - აღნიშნა დინამო თბილისის 17 წლის მცველმა, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპის 5-ვე მატჩი შეუცვლელად აქვს ჩატარებული.
დინამო თბილისი საქართველოს ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციოს ფინალში გააღწია და ფინალურ ეტაპზე გასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
გუნდები საპასუხო მატჩს 10 დეკემბერს ითამაშებენ და დინამო არენაზე ყოფნა გულშემატკივარსაც შეეძლება.