ტიერი ანრიმ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გამართული მატჩის (1:1) შემდეგ კრიშტიანო რონალდუ მწვავედ გააკრიტიკა.
Fox Sports-ის ეთერში მყოფმა ფრანგმა ლეგენდამ პორტუგალიელის თამაშს უსიცოცხლო უწოდა და პირდაპირ კამერაში მკაცრი გზავნილი გააჟღერა: „გუნდმა უნდა გაიტანოს და არა შენ“.
ანრიმ მეორე ტაიმიდან კონკრეტული ეპიზოდიც კი გამოყო, როდესაც კონსეისაუს საჯარიმოში შესვლის დროს, 41 წლის რონალდუმ საჭირო სივრცე არ გახსნა, ბრუნუ ფერნანდეშის ზონაში შეიჭრა და საბოლოოდ არაზუსტად დაარტყა. ანრის თქმით, კრიშტიანუს მხოლოდ საკუთარი გოლი აინტერესებდა, რითაც მეტოქის მცველებს საქმე გაუადვილა.
თავად რონალდუ ამ კრიტიკამ საერთოდ არ შეაშფოთა. მატჩის შემდგომ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება და სოციალურ ქსელშიც ოპტიმისტური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გუნდს თავაწეული ბრძოლისა და შემდეგ მატჩზე ფოკუსირებისკენ მოუწოდა.
საინტერესოა, რომ ვეტერანის მხარე დაიჭირა ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ჟოაო ნევეშმაც, რომელმაც ამ შეხვედრაში პორტუგალიელთა ერთადერთი გოლი გაიტანა. ნევეშის თქმით, რონალდუმ შესანიშნავად ითამაშა და ეს შედეგი გუნდს მხოლოდ გააძლიერებს.