კიმი ანტონელიმ იაპონიის გრან-პრიზე პოულ პოზიცია მოიპოვა.
იტალიელმა, რომელმაც წინა გრან-პრიზე ჩინეთში კარიერის პირველი პოული აიღო, კვლავ შეძლო საუკეთესო შედეგის ჩვენება და სტარტზე პირველ ადგილს დაიკავებს.
კვალიფიკაციის განმავლობაში სწრაფი ტემპის შემდეგ, ანტონელიმ მე-3 სეგმენტის პირველ მცდელობაზე პოულის დრო აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წრეზე დრო ვერ გააუმჯობესა, ახალგაზრდა მრბოლელმა მაინც შეძლო პირველი ადგილის შენარჩუნება 1:28.778 შედეგით.
რასელმა ვერ შეძლო მეორე „ვერცხლისფერი ისრით“ ტემპის გამეორება და 0.298 წამით ჩამორჩენით მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო მაკლარენის ოსკარ პიასტრი მათ უახლოესი მეტოქე აღმოჩნდა მე-3 პოზიციაზე.
შარლ ლეკლერსაც ჰქონდა კარგი წრის პერსპექტივა, თუმცა ბოლო მცდელობისას დაშვებულმა შეცომამ ხელი შეუშალა და მე-4 ადგილზე დარჩა.
ლანდო ნორისმა მაკლარენისთვის მე-5 ადგილი დაიკავა, მის უკან კი ფერარის ლუის ჰამილტონი გავიდა მე-6-ზე. საუკეთესო ათეულს ასევე ავსებენ ალპინის პიერ გასლი, რედ ბულის ისაკ ჰაჯარი, აუდის გაბრიელ ბორტოლეტო და რეისინგ ბულსის ახალბედა არვიდ ლინდბლადი.
მე-2 სეგმენტის მთავარი სიურპრიზი მაქს ვერსტაპენის გამოვარდნა იყო - რედ ბულის პილოტის 4-წლიანი სერია სუზუკას პოულ პოზიციებზე დასრულდა, რადგან ის მე-11 ადგილზე დარჩა და განაცხადა, რომ მისი მანქანა „სრულად უმართავი“ იყო.
სუზუკას ტრასაზე რბოლა 29 მარტს, 09:00 საათზე დაიწყება.
