-
Aa
+
ფონტის ზომა
მერსედესმა სეზონის სტარტზევე მოიპოვა უპირატესობა და ჯერჯერობით დაუმარცხებელია, ავსტრალიისა და ჩინეთის გრან-პრიებზე გუნდმა ზედიზედ ორი დუბლი (პირველი და მეორე ადგილი) გაიფორმა. თუმცა, გერმანული საჯინიბო მორიგ სკანდალში გაეხვია. სულ ცოტა ხნის წინ მათ ძრავის კომპრესიის კოეფიციენტის გამოც აკრიტიკებდნენ.
მაშინ, როცა გუნდების უმეტესობას 2026 წლის ახალ რეგულაციებთან ადაპტაცია უჭირს, მერსედესმა შეძლო სწრაფი და საიმედო მანქანის შექმნა. თუმცა, ლიდერობა ყოველთვის ნიშნავს კონკურენტების სამიზნეში ყოფნას. მეტოქეები, რომლებიც ტრასაზე ჩამორჩებიან, სხვა გზებით ცდილობენ ბალანსის აღდგენას.
გუნდები ხშირად მიმართავენ FIA-ს წესების შეცვლის ან კონკურენტის შეფერხების მოთხოვნით. ამჯერად ფერარიმ, რომელიც მერსედესის მთავარ საფრთხედ ითვლება, ეჭვი წინა ფრთის სისტემაზე მიიტანა. AutoRacer-ის ჟურნალისტის, როზარიო ჯულიანას ინფორმაციით, იტალიელები ვარაუდობენ, რომ მერსედესი წინა ფრთის დაკეტვის რთულ, ორფაზიან მექანიზმს იყენებს.
არსებული რეგულაციებით, წინა და უკანა ფრთები ერთმანეთისგან მაქსიმუმ 400 მილიწამში უნდა იკეტებოდეს. ჩინეთის გრან-პრის შემდეგ გავრცელებული კადრები კი მიანიშნებს, რომ მერსედესის შემთხვევაში ეს დრო შესაძლოა დარღვეული იყოს. თუ დამტკიცდა, რომ ფრთა ორ ცალკეულ ფაზად იკეტება და არა ერთი უწყვეტი მოძრაობით, ეს წესების ტექნიკურ გვერდის ავლით შესრულებას ნიშნავს: პირველი ფაზა 400 მილიწამში სრულდება, რითაც სენსორები კმაყოფილდებიან, ხოლო მეორე, უფრო ნელი ფაზა, ფრთას საბოლოო აეროდინამიკურ პოზიციას აძლევს.
FIA-სთვის 2026 წლის სეზონი დატვირთული გამოდგა. მანამდე მერსედესს ძრავის კომპრესიის ლიმიტის (16:1) გადაჭარბებაშიც სდებდნენ ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა რეგულაციებში არსებული "ხვრელი" გამოიყენა, ისინი დამნაშავედ არ ცნეს. ფედერაცია ამ ხარვეზის გამოსწორებას აგვისტოს პაუზის შემდეგ გეგმავს.
ჯერჯერობით FIA-ს ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია. სავარაუდოა, რომ მერსედესი იაპონიაშიც შეინარჩუნებს ლიდერობას. ჯორჯ რასელი და კიმი ანტონელი ჩემპიონატის ცხრილში პირველ და მეორე ადგილებს იკავებენ. ავსტრალიაში რასელმა გაიმარჯვა, ჩინეთში კი ადგილები გაცვალეს. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა, რაც რასელის შანხაის სპრინტში გამარჯვებითაა განპირობებული.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები