კიმი ანტონელიმ აღიარა, რომ კანადის გრან-პრიზე მისი გამარჯვება „სულაც არ იყო ისეთი, როგორიც უნდოდა“, მას შემდეგ რაც მისი თანაგუნდელი, ჯორჯ რასელი, მათ შორის გამართული ეპიკური დაპირისპირების შემდეგ რბოლას გამოეთიშა.
მერსედესის 2 პილოტი მონრეალში გამართული 68-წრიანი რბოლის საწყის ეტაპზე შთამბეჭდავ ბრძოლაში ჩაერთო. ორივე მათგანი სხვადასხვა მომენტში ლიდერობდა.
გადამწყვეტი მომენტი 30-ე წრეზე დადგა, როდესაც რასელი ლიდერის პოზიციიდან მე-8 მოსახვევში გამოეთიშა რბოლას ენერგობლოკის მწყობრიდან გამოსვლის გამო, რამაც გზა გაუხსნა ანტონელის, ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოეპოვებინა.
„თუ გულწრფელი ვიქნები, ეს ნამდვილად არ იყო ის გზა, როგორც გამარჯვება მინდოდა, რადგან ჯორჯთან ძალიან რთული ბრძოლა გვქონდა,“ - თქვა ანტონელიმ.
ძალიან ინტენსიური იყო, მაგრამ ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა გვენახა, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი, რადგან ერთმანეთს მუდმივად ვეწინააღმდეგებოდით.
ძალიან ძლიერად ვაწვებოდით და მგონია, ორივემ ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩემს შემთხვევაში, ვფიქრობ, შეცდომა ისეთ მომენტში დავუშვი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, როცა ისევ წინ გადავედი და დაშორება დავიწყე.
ეს ისეთი შეცდომა იყო, რომლის თავიდან აცილებაც რომ შემძლებოდა, უკეთესი იქნებოდა. რა თქმა უნდა, რთული და ინტენსიური ბრძოლა იყო და, ბუნებრივია, ჯორჯის გამო დამწყდა გული, მაგრამ ამ გამარჯვებას მივიღებთ და წინ გავაგრძელებთ.“
რასელის რბოლიდან გამოთიშვამ ჩემპიონობის ბრძოლაზეც დიდი გავლენა მოახდინა - მხოლოდ 5 სარბოლო უქენდის შემდეგ ანტონელი უკვე 43 ქულით ლიდერობს.
მიუხედავად ასეთი კომფორტული უპირატესობისა, ანტონელი ფრთხილად აფასებს იმ საფრთხეს, რომელსაც რასელი კვლავ წარმოადგენს, ასევე მაკლარენის, ფერარისა და რედ ბულის მოსალოდნელ ზეწოლას, რადგან ისინი ცდილობენ მერსედესს მიუახლოვდნენ.
„გავაგრძელებ იმას, რასაც ახლა ვაკეთებ,“ - თქვა ანტონელიმ, როცა ჰკითხეს, როგორ შეინარჩუნებს ამ იმპულსს.
რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღლა უნდა ავწიოთ თამასა, რადგან ჯორჯი ამ უიქენდზე ძალიან სწრაფი იყო.
ჩვენ პრაქტიკულად თანაბარ დონეზე ვიყავით, ამიტომ მეც უნდა განვაგრძო პროგრესი. თანაც, ფერარი, რედ ბული და მაკლარენი ნამდვილად გვიახლოვდებიან, ამიტომ გავაგრძელებთ მუშაობას.
შემდეგი ეტაპი მონაკოა, რაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიქნებით და მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ.“
ანტონელის ზედიზედ მე-4 გამარჯვება - რასელი რბოლას გამოეთიშა