მაქს ვერსტაპენმა, თანაგუნდელებთან, დანი ხუნკადელიასა და ჟიულ გუნოსთან, ერთად ნორდშლაიფეზე ჩატარებულ NLS2 რბოლაში ფინიშზე 59-წამიანი უპირატესობით დომინანტური გამარჯვება მოიპოვა, Verstappen.com-ის ბრენდირებული Mercedes AMG GT3-ით.
ნიდერლანდელმა მონაწილეობა მიიღო ნიურბურგრინგის 24-საათიანი რბოლისთვის მოსამზადებელ ეტაპში (რომელიც მაისში გაიმართება) და თავიდანვე შთამბეჭდავი ტემპი აჩვენა.
ვერსტაპენმა დილით დამაჯერებლად მოიპოვა პოულ-პოზიცია და თითქმის ორი წამით გაუსწრო დანარჩენ მონაწილეებს.
თუმცა რბოლის საწყის ეტაპზე მას სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა კრისტოფერ ჰაასეს აუდისგან. ჰაასემ ლიდერობა პირველი წრის ბოლოს გადაიბარა, რის შემდეგაც ვერსტაპენმა მხოლოდ პირველი პიტ-სტოპის წინ მოახერხა პასუხის გაცემა.
ამის შემდეგ საჭესთან ხუნკადელია დაჯდა და სტაბილური უპირატესობის მოპოვება შეძლო.
გარკვეული დროის განმავლობაში მთავარი კონკურენცია დენ ჰარპერის BMW-სგან მოდიოდა, რომელიც განსხვავებულ სტრატეგიას იყენებდა.
გუნოს მცირე ბრძოლა მოუწია ლიდერობის შესანარჩუნებლად, თუმცა აშკარა იყო, რომ ჰარპერი უფრო ადრე შევიდოდა პიტში და მეტ დროს დაკარგავდა. გუნომ ჯამში რვა წრე გაიარა, რაც Verstappen Racing-ს მოკლე საბოლოო პიტ-სტოპის განხორციელების საშუალებას აძლევდა.
ამგვარად, რბოლა ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის სასარგებლოდ განვითარდა. ვერსტაპენმა ბოლო სტინტი ჩაატარა და მერსედესის საჭესთან დამაჯერებლად მიაღწია გამარჯვებას.