არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
... ბენი მაკკართის სანაკრებო დებიუტი 1997 წლის ივნისში, იოჰანესბურგში, ნიდერლანდების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგა, პირველი სანაკრებო გოლის გასატანად კი მას დრო დასჭირდა, მაგრამ როდესაც ეს შეძლო, ქალაქ ბობო-დიულასოს სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა უმალ მიხვდა, რომ ისინი აფრიკელი ლეგენდის დაბადებას ადევნებდნენ თვალს.
მაკკართიმ 20-წუთიან მონაკვეთში პოკერი 1998 წლის 16 თებერვალს, ბურკინა-ფასოში გამართულ აფრიკის ერთა თასზე, ნამიბიის ნაკრების წინააღმდეგ შეასრულა, რომელიც ცხადია, სულაც არ იყო ანგარიშგასაწევი ძალა, მაგრამ სამხრეთ აფრიკის ნაკრების რიგებში თავის გამოჩენამ 19 წლის ფორვარდს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდება და საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოუტანა.
ბენედიქტ სოლ მაკკართი 1977 წლის 12 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ ტაუნში დაიბადა. პროფესიული კარიერა 1995 წელს ადგილობრივ სევენ სტარზში დაიწყო, სადაც პირველივე სეზონში 50-მდე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორმოცზე მეტი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ მან იჯარის წესით კეიპ ტაუნ სპურზში მცირე ხანი დაჰყო და სულ თითზე ჩამოსათვლელი მატჩი და გოლი მიითვალა.
1997 წელს, მას მერე რაც მსოფლიოს ახალგაზრდულ მუნდიალზე ითამაშა, მაკკართი ამსტერდამის აიაქსში გადავიდა. პირველივე სეზონში ახალგაზრდა აფრიკელი ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა, ერედივიზიში კი 17 ნათამაშებ შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა. იმ სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი 37 გოლით შოთა არველაძე გახდა, რომელმაც 25 გოლი ჩემპიონატში შეაგდო, 5 ქვეყნის თასზე, 7 კი UEFA-ს თასზე.
მომდევნო ამსტერდამულ სეზონში ბენი 11 გოლით გამოირჩა, რითაც იარი ლიტმანენთან ერთად გუნდის საუკეთესო მეგოლე გახდა, აიაქსთან ერთად კი ნიდერლანდების თასი მეორედ მოიგო.
1998 წლის ზაფხულში მაკკართი ეროვნულ ნაკრებთან ერთად საფრანგეთში სადებიუტო მუნდიალზე გაემგზავრა, სადაც ისტორია დაწერა - დანიასთან ფრედ დასრულებულ მეორე ტურის მატჩში პეტერ შმაიხელის კარის აღება სწორედ მან შეძლო, რაც „ბაფანა ბაფანას“ პირველი ისტორიული გოლი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე.
მუნდიალზე მორიგი გოლი შემდეგ ჩემპიონატზეც გაიტანა, ამჯერად - ესპანეთის კარში. „ბაფანა ბაფანას“ მაისურით კი სხვა ისეთი ნაკრებები დაამწუხრა, როგორებიცაა მაროკო, მექსიკა, ირლანდია, ინგლისი, გერმანია, თურქეთი, ავსტრალია, პარაგვაი... საბოლოოდ, ეროვნული გუნდის რიგებში გამართული 79 შეხვედრაში გატანილი 32 გოლით დღემდე სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
მისი სანაკრებო მიღწევები შთამბეჭდავია, თუმცა მაკკართის საფეხბურთო ცხოვრების მთავარი მომენტი სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდი რათქმაუნდა არ ყოფილა. უდიდეს წარმატებას მან საკლუბო კარიერით, უფრო კონკრეტულად კი ქარიზმატული ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილ პორტოსთან ერთად მიაღწია, როდესაც ევროპის დაპყრობა მოახერხა.
2003-2004 წლების სეზონი არამარტო პორტუგალიური კლუბისთვის იყო ისტორიული ტრიუმფის მომტანი, ბენი მაკკართის პირად სტატისტიკაშიც საუკეთესო გამოდგა. აფრიკელი ფორვარდი 20 გატანილი გოლით პორტუგალიის პირველობის საუკეთესო მეგოლე გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ოთხჯერ შეძლო თავის გამოჩენა, რომელთა შორის აუცილებლად გასახსენებელია დუბლი მანჩესტერ იუნაიტედთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში.
პორტოს შემდეგ ინგლისი, პრემიერ ლიგა და ბლექბერნ როვერსი იყო: ოთხი სეზონი, 140 მატჩი და 52 გოლი. მის მერე კი ვესტ ჰემ იუნაიტედი.
2010 წლის სამშობლოში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის წინ მაკკართი ოპტიმალური ფორმისგან შორს იყო. ბლექბერნის 33 წლის ფორვარდს გამუდმებით აკრიტიკებდნენ ზედმეტი წონის გამო. მიუხედავად ყველაფრისა, იგი რიგით მესამე მუნდიალზე თამაშს იმედიანად ელოდა, თუმცა „ბაფანა ბაფანას“ დამრიგებელმა კარლოს ალბერტო პარეირამ ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 23-კაციანი განაცხადის მიღმა დატოვა.
სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის მაისური ბენედიქტ მაკკართიმ უკანასკნელად 2012 წელს, სან-პაულოში ბრაზილიასთან ამხანაგურ მატჩში მოირგო. იმ დროს იგი კარიერის უკანასკნელ კლუბში, ორლანდო პაირიტსში გამოდიოდა...
უამრავი ქომაგის მოსაზრებით, ბოლომდე დაუფასებელი ბენედიქტ მაკკართი იმაზე გაცილებით მეტ სიყვარულსა და დაფასებას იმსახურებდა, ვიდრე მას მიუღია. პერიოდულად ნელი სათამაშო სტილის გამო სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი ხშირად იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, ერთი რამ კი ეჭვგარეშეა, ის ნამდვილი საგოლე ალღოს მქონე ცენტრფორვარდი იყო, რომელმაც ევროპულ კარიერაში 11 გუნდური ტიტული და ამდენივე პირადი ჯილდო მოიპოვა.
თანამემამულე ლუკას რადებეზე სამშობლოში არანაკლებ პოპულარული ბენი მაკკართი აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში უდავოდ იკავებს გამორჩეულ ადგილს თავისი თაობის სხვა აფრიკელი ლეგენდების მხარდამხარ, როგორებიც ასევე ევროპაში სახელმოხვეჭილი ნვანკვო კანუ, სამუელ ეტო’ო, დიდიე დროგბა, ოგიუსტინ ოკოჩა თუ სხვები არიან.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
პაატა ჩახვაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები