ლიონელ მესიმ ინტერ მაიამისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა.
ინფორმაციის მიხედვით, არგენტინელი სუპერ ვარსკვლავი სამხრეთ ფლორიდაში 2028 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება. იმ დროისთვის, 41 წლის იქნება.
"აქ დარჩენა და ამ პროექტის გაგრძელება ბედნიერებას მანიჭებს. რაც აქ ჩამოვედი, ძალიან ბედნიერი ვარ და ნამდვილად მიხარია, რომ ეს ყველაფერი გრძელდება", - განაცხადა მესიმ.
მესი მაიამიში 2023 წელს გადავიდა და გუნდს პირველსავე თვეებში ლიგის თასის მოგებაში დაეხმარა, 2024-ში Supporters Shield-ის ტიტული მოიგეს, თუმცა MLS-ის პლეი-ოფის პირველსავე ეტაპზე ატლანტა იუნაიტედთან დამარცხდნენ. 2025 წლის მთავარ მიზნად გუნდს სწორედ MLS-ის მოგება აქვს დასახული.
იმის მიუხედავად, რომ სეზონის ბოლოს ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი კარიერას ასრულებენ, მესის გუნდში ახლობლები მომავალ სეზონშიც ეყოლება - რჩება ლუის სუარესი, რომელმაც განაცხადა, რომ კარიერის მესისთან ერთად დასრულება სურს, გასულ ზაფხულს კი ფლორიდელთა რიგებს როდრიგო დე პოლი შეუერთდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მესი და ინტერ მაიამი მომავალ სეზონს ახალ სტადიონზე დაიწყებენ - მშენებლობა 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ჯდება.
2023 წლის სეზონის შუა პერიოდიდან მოყოლებული, მაიამელთა მაისურით, ყველა ტურნირის ეგიდით, 82 თამაშში 71 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ახლახანს MLS-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - 4 მატჩში 10 საგოლე მოქმედება შეასრულა (5 გოლი და 5 ასისტი).
წლევანდელ MLS-ში თვის ფეხბურთელის ჯილდო მესამედ მიიღო - მაისში, ივლისსა და ოქტომბერში. აღსანიშნავია, რომ ჯამში ამერიკულ კარიერაში თვის ფეხბურთელად უკვე 5-ჯერ დაასახელეს, რაც რეკორდსმენ კრის ვონდოვოლსკის შედეგზე 2-ით ნაკლებია.
მიმდინარე MLS-ის განვლილ 28 ტურში მესის 48 საგოლე მოქმედება აქვს - 29 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. დიდი შანსია, 2025 წლის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელონ და თუ ასე მოხდება, MLS-ის ისტორიაში გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელიც ლენდონ დონოვანის სახელობის ჯილდოს ზედიზედ ორ სეზონში მოიგებს.