ვილიარეალმა ოთხი ახალწვეული ოფიციალურად წარადგინა: ტანი ოლუვასეი, არნაუ ტენასი, მანორ სოლომონი და გიორგი მიქაუტაძე.
ღონისძიება „ესტადიო დე ლა სერამიკას“ საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ფერნანდო ნეგეროლესი, უძღვებოდა.
კლუბის პრეზიდენტი ახალ ფეხბურთელებს მიესალმა და მათ ყვითლებში წარმატება უსურვა. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ტანი ოლუვასეის გოლის გატანის უნარსა და ფიზიკურ სიძლიერეს, ხოლო მანორ სოლომონის ფლანგიდან თამაშის შესაძლებლობა შეაქო. ასევე აღნიშნა არნაუ ტენასის სამეკარეო თვისებები და გიორგი მიქაუტაძე დაახასიათა როგორც "ქუჩის ფეხბურთელი", რომელიც გულშემატკივარს აუცილებლად შეაყვარებს თავს.
ვილიარეალში დიდი მიზნებისთვის მოვედი
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მას დიდი მოტივაცია აქვს:
„ვილიარეალში დიდი მიზნების მისაღწევად მოვედი და იმედი მაქვს, ყველაფერი გაამართლებს. მოუთმენლად ველოდები ახალ სეზონს. ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი მაქსიმალურად და აქაც ზუსტად იგივეს გავაკეთებ.“
მიქაუტაძე დარწმუნებულია, რომ ჩემპიონატს ადვილად შეეწყობა:
„ეს ლიგა ყოველთვის მომწონდა და დიდი სურვილი მქონდა, აქ მეთამაშა. მჯერა, რომ ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კარგ თამაშს ვაჩვენებ და ამ გუნდთან ერთად ყველაფერი კარგად გამოვა.“
ქართველი თავდამსხმელი ესპანურმა კლუბმა ლიონიდან 30 მილიონ ევროდ შეიძინა, რითიც ის ყვითელი წყალქვეშა ნავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.