არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გუნდების რაოდენობის გაზრდისა და შეცვლილი ფორმატის ფონზე, ჩემპიონთა ლიგის პირველი სეზონი, გოლების მხრივ, შედეგიანი გამოვიდა და 1975-76 წლის შემდეგ (3.31 გოლი), საშუალოდ თამაშში ყველაზე მეტი გოლი გავიდა - 3.27.
ლიგის ფაზაში იყო აფიშები, რომლებსაც პირველივე ტურიდან განსაკუთრებულად ველოდებოდით და სიურპრიზად გვქონდა ისეთი ნაკლებად ბრჭყვიალა აფიშებიც, რომლებშიც სუპერ სანახაობა ვიხილეთ. შედგა 2023-24 წლების სეზონის ფინალის გამეორება და რეალმა დორტმუნდს 0:2-დან 5:2 მოუგო (მეორე ტაიმი 5:0), ფლიკმა ბარსათი თავისი ყოფილი კლუბი ბაიერნი გაანადგურა - 4:1, რეალით ყოფილ გუნდ მილანს შეხვდა კარლო ანჩელოტიც და დამარცხდა, პსჟ-მ სიტისთან 0:2-დან 4:2 მოიგო. აი, წინა ტურნირის მშვენება და ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული კი ლისაბონის და ლუჟზე, ბენფიკასა და ბარსელონას შორის ვიხილეთ. ვანგელის პავლიდისის ჰეთ-თრიქით პორტუგალიელები ჯერ 3:1-ს იგებდნენ, შემდეგ - 4:2, მაგრამ ბოლო 12 წუთში ბარსამ თამაში დაატრიალა და 5:4 მოიგო. პლეი-ოფშიც არაერთი მაგარი თამაში ვნახეთ, მაგრამ ეს შეხვედრა 2024-25-ის სეზონის ერთ-ერთი მთავარი სამარკო ნიშანია.
ასეთივე საჩუქრების მოლოდინი გვქონდეს წელსაც, ამ სტატიით კი, მინდა გადავხედოთ, ლიგის ფაზის 8 ტურში გამორჩეულ 10 აფიშას, რომლებსაც განსაკუთრებული ინტერესით დაველოდებით.
ჩემპიონთა ლიგის 2012 წლის ფინალის გამეორება, გუნდებით, სტადიონით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი იმ ფეხბურთელითაც, რომელიც იმ თამაშშიც მოედანზე იყო - რა თქმა უნდა, მანუ ნოიერი.
მას შემდეგ ეს გუნდები 2013 წლის სუპერ თასზე შეხვდნენ და ბავარიელებმა პენალტებით მოიგეს, 2019-20 წლების ლიგის 1/8 ფინალში კი მომავალმა ჩემპიონებმა ლონდონელებს ორ მატჩში 7:1 მოუგეს. მას შემდეგ ეს მათი პირველი ურთიერთშეხვედრა იქნება.
კონფერენს ლიგის მოგების შემდეგ, ჩელსი ისტორიაში პირველი კლუბია, რომელსაც უეფა-ს ამჟამინდელი სამივე ევროტურნირი მოგებული აქვს. ენცო მარესკას მზარდი და ძალიან საინტერესო გუნდი ჰყავს, რომელიც ამ სეზონის მეორე ეშელონის ფავორიტებში ნამდვილად შეიძლება გავიყვანოთ. მეორე მხარეს ყველა ტურნირზე მუდამ მთავარი ჯილდოსთვის მებრძოლი და ამ ტურნირის 6-გზის ჩემპიონი ბაიერნია, ბუნდესლიგის საწყის 3 ტურში გატანილი 14 გოლითა და მშვენიერი ფორმით.
ახალი თაობის ორი სპეციალისტის - ვენსან კომპანისა და ენცო მარესკას ტაქტიკური ჯახიც დამატებითი ინტრიგა და ინტერესია.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი კლასიკა და ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხსენებადი წყვილი იმის გამო, რაც ამ გუნდებს შორის 2017 წლის 8 მარტს მოხდა. იმ თამაშებში ბარსას მწვრთნელი ახლა პარიზელთა დამრიგებელი და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-2 მწვრთნელია (პეპის შემდეგ), რომელმაც ტრებლი ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო.
მას შემდეგ გუნდები ერთმანეთს ლიგაზე 2-ჯერ შეხვდნენ (2021-ში და 2024-ში), ორივეჯერ პლეი-ოფის ეტაპზე და გამარჯვებული ორივე შემთხვევაში პსჟ იყო, თანაც - დამაჯერებლად.
ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესია ხვიჩა კვარაცხელიას ბარსელონასთან კიდევ ერთი შეხვედრა. თანაც, ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის რანგში მეტოქესთან, რომელიც, თავის მხრივ, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდობაზე ლეგიტიმურ პრეტენციას აცხადებს.
გუნდების სტატუსისა და ბოლო პერიოდის ფორმის გარდა, უაღრესად მიმზიდველია ის ჰიპერ შემტევი და დომინანტური სტილი, რომლითაც თითოეული მათგანი თამაშობს. ამიტომ, ბევრი დაარგუმენტების გარეშე, ყველა კარგად ვხვდებით, რომ 1-ელ ოქტომბერს, მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგების ორი ფავორიტის ურთიერთშეხვედრის სანახავად, ეკრანებთან კომფორტულად უნდა მოვკალათდეთ. პლუს კვარას ფაქტორი.
გიორგი მიქაუტაძე, იუვენტუსთან მე-2 ტურში შეხვედრის შემდეგ, პეპ გუარდიოლას სიტის წინააღმდეგ ითამაშებს და ექნება დიდი სცენა, თავისი ტალანტი ტოპ მეტოქეების წინააღმდეგ წარმოაჩინოს.
პსჟ-სთან ლიგა 1-სა და მანჩესტერ იუნაიტედთან ევროპა ლიგაზე თამაში ერთია, მაგრამ სიტის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოედანზე ყოფნა - კიდევ სხვა ამბავი. ჟორჟის კარიერაში ეს, ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან ამ დონის მეტოქესთან ასეთ ტურნირზე აქამდე არ უთამაშია.
სიტიში ცვლილებები და სიახლეებია და სეზონსაც ცოტა არეულად იწყებენ, მაგრამ გუარდიოლასთვის შემოდგომა, როგორც წესი, საგაზაფხულოდ გუნდის ასაწყობად გამოსაყენებელი პერიოდია. ასე რომ, ქალაქელები ლიგის მთავარ ფავორიტთა შორის არიან და ჟორჟსა და მის თანაგუნდელებს მაგარი ტესტი ელოდებათ.
ტურნირის კიდევ ერთი ძველი და უდიდესი კლასიკა, რომელიც ახალი თაობის გულშემატკივარს 2017 წლის ფინალითა და 2018 წლის სკანდალური 1/4 ფინალით ემახსოვრება. მას შემდეგ ლიგაზე ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
სულ ბოლოს ივლისში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშეს - დინამიკური, ბევრმომენტიანი და ტემპერამენტიანი თამაში გამოვიდა. რეალს მეტი შანსი ჰქონდა და ტურინელთა მეკარე, მიკელე დი გრეგორიო, მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, საბოლოოდ, გონსალო გარსიას გოლი ერთადერთი გამოდგა.
ჩაბი ალონსო ახალ და საინტერესო გუნდს აშენებს, არაერთი მომავლის ფეხბურთელით, მოზღვავებული ნიჭით, ტექნიკითა და სათამაშო ხარისხით. ბლანკოსში ისეთი შემადგენლობა და პერსონაჟებია, ალონსოს მკვეთრად ლამაზ თამაშზე აგებული სამწვრთნელო სტილის ფონზე, გუნდის თამაშების ყურება ძალიან ისედაც ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, იუვენტუსისნაირი მენტალიტეტისა და დნმ-ის მეტოქესთან.
რეალი-იუვეს დაპირისპირებები ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ეს ორი გუნდი ანტიპოდურ საფეხბურთო ფილოსოფიებს წარმოადგენდნენ, ბოლო წლებში იუვე საგრძნობლად შეცვლილი და გადასხვაფერებულია, მაგრამ მაინც შემორჩა ის დიდი გუნდობის ენერგეტიკა, რის გამოც ეს თამაში საინტერესო უნდა გამოვიდეს. თანაც, იგორ ტუდორის ფეხბურთელებმა წელს ერთი სუპერ სანახაობა უკვე შემოგვთავაზეს, როცა ინტერთან, დერბი დ’იტალიაში, საოცარი სცენარითა და დინამიკით წარმართული მატჩი, ბოლო წუთებზე 4:3-ით დახურეს.
გუნდებმა ბოლო 7 სეზონში ლიგის ფინალი ორჯერ ითამაშეს და, გავიხსენოთ, ორივე მათგანი მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. 2022-ის ფინალის შემდეგ ენფილდზე ბლანკოსის მიერ მოგებული 5:2-იც იყო, წინა სეზონის ლიგის ფაზაში კი მერსისაიდელებმა გაიმარჯვეს - 2:0.
შეტევის ხაზში ვირტცის, ეკიტიკესა და ისაკის დამატების შედეგად, ლივერის შემოქმედებითი პოტენციალი გიგანტურად გაიზარდა - დავამატოთ სალაჰი და ხაკპოც. არნე სლოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის უმთავრეს ფავორიტთა შორის, თუ ყველაზე წინ არაა, ერთ-ერთი მოწინავე კანდიდატია.
მნიშვნელოვანია, როგორი შედეგებით შეხვდებიან გუნდები ამ თამაშს - ლივერს ატლეტიკოსთან საშინაო მატჩის შემდეგ, გალათასარაისთან და აინტრახტთან სტუმრობა უწევს, რეალი კი მარსელსა და იუვენტუსს უმასპინძლებს, შუაში კი კაირათს ყაზახეთში ეწვევა.
ამ აფიშას ზედმეტი დაანონსება და ინტერესის გაღვივება არც სჭირდება - ენფილდზე მადრიდის რეალი ჩადის!
4 ნოემბერი ის დღეა, როცა ერთი ეკრანი არ გვეყოფა, რადგან, ლივერპული-რეალის პარალელურად, პარი სენ ჟერმენი-ბაიერნის სუპერ მატჩიცაა. 2020 წლის ფინალის აფიშა და ბოლო სეზონების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამეორებადი აფიშა.
იმ ფინალის შემდეგ, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე - 5, ხოლო ჯამში 6 ურთიერთშეხვედრა ითამაშეს - 2021-ის 1/4 ფინალში პსჟ-მ გაიმარჯვა, 2023-ის 1/8 ფინალში - ბაიერნმა, გასული სეზონის ლიგის ფაზაშიც ბაიერნმა (1:0), ხოლო, ივლისში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - ისევ პსჟ-მ.
ორივეს მიზანი პლეი-ოფის პირდაპირ 1/8 ფინალში გასვლაა, რისთვისაც ლიგის ფაზის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრაა საჭირო, ამიტომაც, ურთიერთშეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
პარიზელები სეზონს ატალანტასთან საშინაო მატჩით იწყებენ, რის შემდეგაც ბარსელონასა და ლევერკუზენს ესტუმრებიან, ბაიერნი კი ჩელსისა და ბრიუგეს უმასპინძლებს და დებიუტანტ პაფოსს კვიპროსზე ეწვევა.
ამ გუნდების აფიშის ხსენებაზე, დიდი შანსია, 2009 წლის სკანდალური 1/2 ფინალი და რონალდინიოს წვეტით გატანილი მაგიური გოლი გაგახსენდეს. ეს მეორე მოგონება ჩემპიონთა ლიგის კლასიკა და ნოსტალგიური ესთეტიკაა.
ერთმანეთს ლიგაზე ბოლოს 2018-ის 1/8 ფინალში შეხვდნენ და მაშინ ერნესტო ვალვერდეს ბარსელონამ 3-ბურთიანი სხვაობით - 4:1 მოიგო. განმეორებითი მატჩი ნოუ კამპზე 3:0 დასრულდა - მესიმ კურტუას, ფეხებს შუა გაძვრენით, ორჯერ რომ გაუტანა. როგორი მემორია?!
კონფერენს ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატით სტატუსის ამმაღლებელი ენცო მარესკას ჩელსი ამ სეზონის პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღწევაზე ფიქრობს. საამისოდ გუნდს კარგი შემადგენლობა, გამართული სტრუქტურა და ერთიანი გუნდი შეიძლება დაეხმაროს. წინა სეზონის 1/2 ფინალისტი ბარსელონა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტურნირის უმთავრეს ფავორიტებს შორისაა.
ბაიერნთან სტუმრობის შემდეგ, ჩელსი ბენფიკასა და აიაქსს უმასპინძლებს და ყარაბაღს ესტუმრება. ბარსა ნიუკასლთან და ბრიუგესთან გასვლაზე თამაშობს, პსჟ-სთან და ოლიმპიაკოსთან - შინ.
ასე რომ, ჩელსი-ბარსას ლიგაზე შეხვედრის 7-წელიწად-ნახევრიანი მოლოდინის შემდეგ, მსუყე, გემრიელი და საკმაოდ დამაინტრიგებელი აფიშაა.
2010-იანების შუა წლებში, როცა არსენ ვენგერის დიდებული კარიერის ბოლო სეზონები იყო, ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ლამის ყველა სეზონში ხვდებოდნენ - 2013-17 წლებში შესაძლო 5-დან 4 სეზონში, ჯამში 8 მატჩი ითამაშეს.
ნახსენებთაგან 3 საპლეიოფო დაპირისპირება იყო და სამივე ბაიერნის სასარგებლოდ დასრულდა. მათ შორის, 2016-17-ის 1/8 ფინალი, როცა ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 5:1 მოიგეს, ჯამში 10:2... მას შემდეგ ლიგაზე 2024-ის 1/4 ფინალამდე აღარ შეხვედრიან და იქაც, გვახსოვს, რომ ბაიერნმა გაიმარჯვა - კიმიხის გადამწყვეტი გოლით.
ბოლო ორი სეზონია არსენალის დაცვაზე ლეგენდები დადის და უამრავი რილსი თუ ედითი კეთდება. არტეტამ ამ მხრივ ძალიან მაგრად იმუშავა და დავიდ რაიას კარში გოლის გატანა ურთულესი ამოცანა გახდა. მეორე მხარეს კი ბაიერნია, რომელმაც ბუნდესლიგის ეს სეზონი სუპერ შედეგიანად დაიწყო და საწყის 3 ტურში ასეთი ანგარიშებით მოიგო - 6:0; 3:2 და 5:0.
ასე რომ, სუპერ დაცვა სუპერ შეტევის წინააღმდეგ. თანაც, თამაში მე-5 ტურშია, რაც სატურნირო უმოტივაციობას პრაქტიკულად გამორიცხავს და წინ კარგი სანახაობა გველოდება.
არსენალი, რეკორდმაისტერთან მატჩამდე, ბილბაოსთან და სლავიასთან სტუმრად თამაშობს, ატლეტიკოსა და ოლიმპიაკოსს კი ემირეითს სთედიუმზე იღებს. ბაიერნი ჩელსისა და ბრიუგეს უმასპინძლებს და პაფოსსა და პსჟ-ს ეწვევა.
წლევანდელი ლიგის ფაზის კიდევ ერთი მაგარი აფიშა 10 დეკემბერს, სანტიაგო ბერნაბეუზეა - ჩაბი ალონსო თავისი ყოფილი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას წინააღმდეგ.
ჩაბი რეალს იცნობს და იცის, რომელ ომებში უნდა შევიდეს და იბრძოლოს და რომლებში - არა," - ამბობდა გუარდიოლა ალონსოს რეალში დანიშვნაზე.
2012 წლის ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული, როცა ალონსო ჯერ კიდევ რეალის ფეხბურთელი იყო, ეს გუნდები ლიგაზე 7-ჯერ შეხვდნენ და ჯამში 14 თამაში გამართეს - 5 მოგება რეალს, 5 ფრე და 4 მოგება სიტის.
ეს სეზონი ორივე გუნდისთვის გამოწვევებით სავსეა და რაღაცით ერთმანეთს ჰგავს - გასული წელი ორივეს ჩაუვარდა და ტიტულის მოგება ვერც ერთმა მათგანმა შეძლო, რის შემდეგაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინეს და გარდამავალ ეტაპზე არიან.
შესაბამისად, გადასხვაფერებული და განახლებული რეალისა და სიტის ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ ხილვა კარგი სანახავი იქნება და ინტრიგა ნამდვილად არ მოაკლდება.
ამ თამაშამდე, რეალი მარსელსა და იუვენტუსს უმასპინძლებს, ხოლო კაირათს, ლივერპულსა და ოლიმპიაკოსს ეწვევა. სიტი ეტიჰადზე იღებს ნაპოლის, დორტმუნდსა და ლევერკუზენს, ხოლო სტუმრობს მონაკოსა და ვილიარეალს.
გიორგი ქოჩორაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ! ქართველების გუნდები ერთმანეთს ლისაბონში, ჟოზე ალვალადეზე შეხვდებიან და, წესით, იმ დროისთვის ორივეს მიზანი პლეი-ოფის საგზურის კონკრეტული პრიორიტეტებით მოპოვების კუთხით იქნება.
პრიორიტეტების, რადგან პსჟ მოქმედი ჩემპიონი და იმ სტატუსის გუნდია, გასული სეზონისგან განსხვავებით, პლეი-ოფის პირველსავე ეტაპზე მოხვედრა არ უნდა სურდეს და პირდაპირ 1/8 ფინალში გასვლისკენ იწევდეს. სპორტინგისთვის კი უბრალოდ პლეი-ოფი სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნება.
პსჟ-ს, მიზნის მისაღწევად, საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა სჭირდება, სპორტინგი კი, თუ საუკეთესო 24 გუნდში ხვდება, მნიშვნელობა ენიჭება იმას, რამდენად მაღალ ადგილს დაიკავებს, რაც პლეი-ოფში გასვლა-სახლის რიგითობის საკითხს წყვეტს.
საინტერესოა ისიც, რომ ეს გუნდები ევროტურნირების ეგიდით ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან - ერთადერთი ამხანაგური მატჩი აქვთ ნათამაშები, 2010 წელს.
მოქმედი ჩემპიონის მასპინძლობამდე, ლისაბონელები კაირათს, მარსელსა და ბრიუგეს მიიღებენ, ნაპოლისთან, იუვენტუსთან და ბაიერნთან კი სტუმრად ითამაშებენ. რაც შეეხება პსჟ-ს, ატალანტა, ბაიერნი და ტოტენჰემი - შინ, ხოლო ბარსელონა, ლევერკუზენი და ბილბაო - გასვლაზე.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
ირაკლი ფოფხაძე
ლინკის დაკოპირება
კომენტარები