ქალთა საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთმა ნიკე-ლუსოს წინააღმდეგ პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატა და მათ წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადა.
,,ჩვენთვის „ნიკე-ლუსოსთან“ თამაში ნიშნავს ძალადობის ნორმალიზებას და თუნდაც ირიბად, მის მხარდაჭერას, შესაბამისად არ ვაპირებთ მათთან თამაშს. სანამ ძალადობა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება, ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავის მოვუწოდებთ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ. თითოეული გუნდი და ფეხბურთელი დამოუკიდებლად წყვეტს, როგორ მოიქცეს.
ასევე ვრცელდება მოსაზრება, თითქოს ჩვენი პროტესტის რეალური მიზანი მთავარი მეტოქის დისკვალიფიკაციის გზით ჩემპიონობის მოპოვებაა. ეს შეფასება სრულიად უსაფუძვლოა. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე, სპორტული ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებას.
შესაბამისად, თუ მთავარი მეტოქის რაიმე ფორმით სანქცირების შედეგად ქსკ „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონი გახდება, კლუბი ოფიციალურად განაცხადებს უარს ჩემპიონის ტიტულის მიღებაზე და მიმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
როდესაც სასწორზე დგას სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული გოგონას უფლებები, ღირსება და მომავალი, ნებისმიერი სპორტული ტიტული მეორეხარისხოვანია. ჩვენი მიზანია მისი მხარდაჭერა ყველა იმ საშუალებით, რაც ჩვენს ხელთ არის და ბრძოლა ისეთი საფეხბურთო გარემოს შესაქმნელად, სადაც თითოეული ადამიანი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და მისი ღირსება დაცული იქნება.
ჩვენი პროტესტი ცხადია არ შეეხება სხვა გუნდებს, შესაბამისად გელოდებით ხვალ, 8 ნოემბერს, 14 საათზე ბათუმში, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე სადაც ქსკ ბათუმს დავუპირისპირდებით.
თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდებს სოციალურ ქსელებში - უახლოეს დღეებში არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგიზიარებთ, მათ შორის დეტალურად პროტესტის მიზნებს, ხანგრძლივობას და ჩვენს მოლოდინებს." - წერია ლანჩხუთის განცხადებაში.
,,ისე ვერ ვითამაშებთ, თითქოს არაფერი მომხდარა" - ქსკ ლანჩხუთის განცხადება