მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, პრესკონფერენციაზე გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავები, ფრანკო მასტანტუონო და გონსალო გარსია დაიცვა.
ამ ფეხბურთელთა შესაძლო წასვლაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ. არბელოამ აღნიშნა, რომ მიუხედავად გუნდის ახალგაზრდული ასაკისა, მის ფეხბურთელებს დიდი პიროვნული თვისებები და გამოცდილება აქვთ.
დორტმუნდი გონსალო გარსიათია დაინტერესებული. არბელოამ თქვა, რომ ფეხბურთელი იმაზე ნაკლებს თამაშობს, ვიდრე იმსახურებს. მწვრთნელის განცხადებით, გონსალოს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს და ყოველთვის ამართლებს იმედებს, როცა გუნდს სჭირდება, მისი მომავალი კი კლუბისა და თავად მოთამაშის გადასაწყვეტია.
ფრანკო მასტანტუონოს შესაძლოა ამ ზაფხულს იჯარით გაუშვან. არბელოა არგენტინელის ნიჭს უსვამს ხაზს. მწვრთნელის თქმით, 18 წლის ფეხბურთელი ძალიან ბევრს შრომობს და მას არაჩვეულებრივი მომავალი აქვს. მასტანტუონომ სეზონი ხაბი ალონსოს ხელში კარგად დაიწყო, თუმცა ჯუდ ბელინგემის დაბრუნების შემდეგ სათამაშო დრო შეუმცირდა, რასაც ხეტაფესთან მიღებული წითელი ბარათიც დაემატა. მიუხედავად ამისა, არბელოა იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი მადრიდში კიდევ დიდხანს დარჩება.