ზუკა ჭოჭუამ ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გამართული ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი ოქროს მედლით დაასრულა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს მე-3 ოქროს მედალია.
65 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში, ჭოჭუამ ირლანდიელ ჯონ მაჰერის მოუგო და, 15-წლამდე ევროპის ჩემპიონობის შემდეგ, ოქროს მედალი უკვე 19-წლამდელებს შორის მოიპოვა.
ჭოჭუამდე, ევროპის ჩემპიონები ლუკა ჩხიკვაძე (60 კგ.) და აკაკი ბასარია (70 კგ.) გახდნენ, ხოლო დავით მხეცაძემ (80 კგ.) ვერცხლის მედალი მოიგო.
ოდნავ მოგვიანებით კიდევ ერთი ფინალია, რომელშიც ქართველი მონაწილეობს - 75 კგ. წონით კატეგორიაში, ელნურ აბდულაევი ოქროსთვის ინგლისელ ოლივერ მეილთან იჩხუბებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 მოკრივით იყო წარმოდგენილი და 5 მედალს მოიპოვებს.
ფოტო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია