ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, მურთაზ ბაღდავაძემ ოქროს მედალი მოიგო.
110 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია, 1/4 ფინალში ბელარუს დანიილ ჟუვულას 4:0 აჯობა, 1/2 ფინალში კი აზერბაიჯანელი ჰაკიმ თაღიიევი 3:0 დაამარცხა.
ბაღდავაძემ ფინალურ დაპირისპირებაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა - ბულგარელ სტეფან რაჩევ სტეფანოვს 3:0 მოუგო და კონტინენტის ჩემპიონის სტატუსი დაიმსახურა.
საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე მე-3 მედალია - თემურ თუთარაშვილმა (55 კგ.) და რატი რევაზაშვილმა (80 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გარდა ამისა, ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ გიორგი ნარიმანიძე (51 კგ.), ბოგდან კვანტალიანი (71 კგ.) და ნურადინ მუსტაფაევი (92 კგ.), ხოლო დავით მძევაშვილი (60 კგ.) ასპარეზობას რეპეშაჟში აგრძელებს.
ბოლო სატურნირო დღის წინ, საქართველოს ნაკრებს საერთო ჩათვლაში 67 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზეა - ლიდერი აზერბაიჯანია (100 ქულა), მეორე ადგილს კი იკავებს იმ ქვეყნის ნაკრები (74 ქულა), ბოლო 4 წელი საკუთარი დროშის გამოყენების უფლება რომ არ ჰქონდა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 3 მედლით დაასრულა