VIDEO: გამარჯვება ბოლო წუთებზე - ტორპედოს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-13 ტური ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიხსნა - ტორპედომ დილა 2:1 დაამარცხა.
დილა 42-ე წუთზე 10 კაცით დარჩა - ბლენკსონ ანოფი ყვითლების გამო გააძევეს. 57-ე წუთზე, ანგარიში პენალტიდან გახსნა გიორგი არაბიძემ, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება აქვს - 9 (3 გოლი, 6 ასისტი).
გორელთაგან თავი ლაშა მენთეშაშვილმა გამოიჩინა, სეზონში მე-4 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში თანალიდერი გახდა - მათე ვაწაძესთან (დინამო თბილისი), დმიტრი მანდრიჩენკოსთან (დინამო ბათუმი), ჟანთან (რუსთავი), ნიკა კალანდარიშვილთან (დინამო ბათუმი), საბა ძაგანიასთან (იბერია), გიგა სამხარაძესა (სპაერი) და პაატა ღუდუშაურთან (იბერია) ერთად.
იმერლებს 3 ქულა მატეი შიმიჩმა მოუტანა - 94-ე წუთზე, სწორედ არაბიძის საგოლე პასის შემდეგ შეაგდო.
შედეგად, ტორპედომ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-9 წაუგებელი მატჩი (4 მოგება, 5 ფრე) ჩაატარა და ამჟამად უგრძესი დაუმარცხებელი სერია აქვს (ბოლოს 16 მარტს, სწორედ დილასთან დამარცხდნენ). გუნდი ცხრილში რუსთავს წამოეწია და ლიდერ იბერია 1999-ს 4 ქულით ჩამორჩება, ოღონდ, ამ ტურში ჯერ არც ერთ კონკურენტს უთამაშია.
ლევან კორღალიძემ კი დილაში მარცხით დაიწყო და მისი სერიაც შეწყდა - ეროვნული ლიგის ეგიდით, მწვრთნელის რანგში, ზედიზედ 30 მატჩი არ ჰქონდა წაგებული.
მომდევნო ტურის შეხვედრას ორივე გუნდი 20 მაისს ითამაშებს - დილა დინამო თბილისს უმასპინძლებს, ხოლო ტორპედო იმერულ დერბიში ტყიბულის მეშახტეს ესტუმრება.