საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფი წარმატების დასძლია.
ჩვენმა გუნდმა, მე-3 ტურის შეხვედრაში, სლოვენიის ნაკრები დიდი სხვაობით დაამარცხა, საუკეთესო 16 გუნდში გარანტირებულად მოხვდა, თუმცა ზუსტი პოზიცია სხვა მატჩების დასრულების შემდეგ გვეცოდინება.
ქართველმა წყალბურთელებმა სლოვენიელებს ოთხივე ტაიმი დამაჯერებლად მოუგეს და ჯამში 24:7 გაიმარჯვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ანდრია ბითაძე დაასახელეს.
ხვიჩა ჯახაიამ 6 გოლი შეაგდო, 5-ჯერ თავი ვატო დადვანმა გამოიჩინა, 4 გოლი ბესარიონ ახვლედიანის ანგარიშზეა, 2-2 გოლით ანდრია ბითაძე, ნიკა შუშიაშვილი და დუშან ვაშიჩი გამოირჩნენ, ხოლო თითო ბურთი საბა ტყეშელაშვილმა, ლუკა ჩიქოვანმა და საბა მაჭავარიანმა გაიტანეს.
ცნობისთვის, ნაკრები პირველ ტურში თურქეთთან დამარცხდა, მეორეში კი ბრაზილიას პენალტების სერიაში აჯობა.
საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციოს ჯგუფური ეტაპი დასძლია და ხვალ 1/8 ფინალში ითამაშებს, თუმცა ველოდებით სხვა მატჩების დასრულებას, რათა ჩვენი გუნდის ზუსტი პოზიცია გავიგოთ და 1/8 ფინალური მეტოქეც ამის შემდეგ გვეცოდინება.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ნაკრები მე-2 დივიზიონში ასპარეზობს, მსოფლიო ჩემპიონატის სუპერ ფინალის საგზურის მისაღებად საუკეთესო 2 გუნდში მოხვედრა სჭირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის 8-გუნდიანი სუპერ ფინალი, 22-26 ივლისს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, მასპინძელი ავსტრალიისა და უკვე ნახსენები მე-2 დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდის გარდა, 1-ელი დივიზიონის 5 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია