-
Aa
+
ფონტის ზომა
დეკლან რაისმა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ საბრძოლო განწყობა გააჟღერა. არსენალის ნახევარმცველის თქმით, გუნდში ყველა დარწმუნებულია, რომ ამჟამად ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. მეთოფეები კვირას უემბლიზე კარაბაოს თასის ფინალში სწორედ პეპ გვარდიოლას გუნდს დაუპირისპირდებიან.
მიკელ არტეტას გუნდი ისტორიული კვადრუპლისთვის ბრძოლას აგრძელებს. სამშაბათს არსენალმა ბაიერ ლევერკუზენი დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, რითაც წაუგებელი სერია ყველა ტურნირზე 14 მატჩამდე გაზარდა. ამავე დროს, მანჩესტერ სიტი რეალ მადრიდთან დამარცხდა და ევროტურნირს დაემშვიდობა.
„ეს შეიძლება დიდი წარმატების დასაწყისი იყოს. კარაბაოს თასი პირველი ტიტულია, რომლის მოგებაც შეგვიძლია. ამ გამარჯვებით მიღებული იმპულსი სეზონის ბოლომდე ძალიან დაგვეხმარება“, - განაცხადა რაისმა CBS-თან საუბრისას.
„კვირას დიდი თამაში გველის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გწყურია გამარჯვება. არსენალი ფინალშია და ბიჭები გასახდელში უკვე ამაზე ვსაუბრობთ. მზად ვართ და მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას. ახლა ყოველი თამაშის წინ გვჯერა, რომ მოვიგებთ“.
რაისმა ასევე ისაუბრა იმ დატვირთვებზე, რასაც ფეხბურთელები მარტის თვეში გადიან: „ფიზიკურთან ერთად, ეს ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია. უნდა იყო ძლიერი და მედეგი. ზოგჯერ ფიქრობ, როგორ უნდა იპოვო ენერგია ორ დღეში ისევ სათამაშოდ, მაგრამ გუნდური სული ამის ძალას გაძლევს. სეზონის დასრულებამდე ორი თვე რჩება. ყველაფერს გავიღებთ, რომ ამ კლუბში დიდი მემკვიდრეობა დავტოვოთ და ყველა ტურნირი მოვიგოთ“.
ფინალის წინ კომენტარი პეპ გვარდიოლამაც გააკეთა, რომელმაც მეტოქეს დიდი პატივისცემა დაუდასტურა:
„ჩვენ ვეთამაშებით ინგლისის და ამჟამად ევროპის საუკეთესო გუნდს. არსენალი კარგი სარკეა იმის დასანახად, თუ რა უნდა გავაკეთოთ მათ დონემდე მისასვლელად. კვირას ფინალი გვაქვს, ასოციაციის თასზეც ვრჩებით და პრემიერ ლიგაშიც ვიბრძოლებთ. ერთი მატჩი არც უდიდესი ბედნიერებაა და არც სამყაროს დასასრული. მოვემზადებით და ვნახავთ, ვინ ვართ სინამდვილეში“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები