არსენალის შემტევმა, კაი ჰავერცმა, ატლეტიკო მადრიდთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ გამართულ გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო. გერმანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ნიუკასლთან გამარჯვებისას მიიღო, რის გამოც მოედნიდან ნაადრევად გაიყვანეს. ჰავერცისთვის ეს სეზონი საკმაოდ იმედგამაცრუებული აღმოჩნდა, რადგან მან ნახევარი წელი მუხლის დაზიანების გამო გამოტოვა, რასაც შემდეგ კიდევ რამდენიმე მცირე ტრავმა დაემატა.
ვარჯიშზე ასევე არ გამოჩენილა იურიენ ტიმბერი, რომელიც აპრილის დასაწყისიდან კოჭის პრობლემის გამო ლაზარეთში იმყოფება. არსენალისთვის სასიხარულო სიახლეც არის - გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა ებერე ეზემ, რომელმაც ნიუკასლთან შეხვედრაში ასევე მიიღო დაზიანება, თუმცა, როგორც ჩანს, მისი მდგომარეობა საგანგაშო არ არის. გარდა ამისა, ვარჯიშს დაუბრუნდა რიკარდო კალაფიორი, რომელმაც გასული ტური გამოტოვა.
მიკელ არტეტამ ნიუკასლთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ეზესა და ჰავერცის შემთხვევაში კუნთის მცირე დისკომფორტთან გვაქვს საქმე და გუნდი სამედიცინო შტაბის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ ჰავერცმა ვარჯიში გამოტოვა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის ატლეტიკოსთან მატჩს დააკლდება. საბოლოო სიახლეებს მწვრთნელი სამშაბათს საღამოს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააჟღერებს.