არსენალის ქალთა გუნდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი დაადასტურა და 19 წლის გერმანელი შემტევი, ლიზა ბაუმი გაიფორმა.
ლონდონელებმა ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის ბრძოლაში ისეთ გრანდებს აჯობეს, როგორებიც ბარსელონა, მიუნხენის ბაიერნი, ლიონი და მანჩესტერ იუნაიტედი არიან.
ტანზანიაში დაბადებული ბაუმის ცხოვრება მძიმე ტრაგედიითაა აღბეჭდილი. მისი საფეხბურთო გატაცება უფროს ძმას, დენისს უკავშირდება, რომელიც 17 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ლიზა ყოველ მატჩს მისი ხსოვნის პატივსაცემად თამაშობს, ბუცებზე ძმის ინიციალები აქვს დატანილი, მაჯაზე კი მისი სახელი და ციტატა აწერია:
ამგვარად, ის ყოველთვის ჩემთანაა. ძალიან მინდა აქ იყოს და ხედავდეს ყველაფერს, რასაც ვაკეთებ
ბაუმმა სახელი ჰამბურგში თამაშით გაითქვა, გასული სეზონი კი ლაიფციგში გაატარა, სადაც 6 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის გამოირჩევა საოცარი სისწრაფით, ორივე ფეხით თამაშის უნარითა და მოედანზე პირდაპირი, აგრესიული სტილით, რის გამოც მას ხშირად მანჩესტერ სიტის ვარსკვლავ ქეროლინსა და ბარსელონას ყოფილ ფორვარდ სალმა პარალუელოს ადარებენ.
არსენალის მთავარი მწვრთნელი, რენე სლეგერსი, რომელიც ფლანგის შემტევების ხშირ როტაციას მიმართავს, ბაუმს ინგლისის სუპერლიგასთან ადაპტაციისთვის იდეალურ პირობებს ჰპირდება.