მიკელ არტეტას მიაჩნია, რომ არსენალს მარტინ ოდეგორი ძალიან დააკლდა ამ ტრავმებით სავსე სეზონში. მწვრთნელი ამტკიცებს, რომ გუნდი ბევრად უკეთესად თამაშობს, როდესაც ნორვეგიელი სასტარტო შემადგენლობაშია.
არსენალის კაპიტანმა ამ სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 13 მატჩი დაიწყო ძირითადში, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 11 შეხვედრიდან - მხოლოდ სამი. სეზონის დასაწყისში ოდეგორს მხრის პრობლემები აწუხებდა, ბოლო თვეებში კი მუხლის ტრავმა აღმოჩნდა შემაფერხებელი ფაქტორი.
ოდეგორი ექვსკვირიანი პაუზის შემდეგ გასულ უქმეებზე საუთჰემპტონთან დაბრუნდა, თუმცა შუა კვირაში სპორტინგის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მეორე ტაიმში მოედნის დატოვება მოუხდა. 27 წლის ფეხბურთელს ხუთშაბათს არ უვარჯიშია და მისი მონაწილეობა შაბათს ბორნმუთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში სათუოა. არტეტამ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად დიდი დანაკლისი იქნება კაპიტნის მორიგი არყოფნა:
ის არის ის, ვინც ყველას აკავშირებს, ვინც გუნდს აერთიანებს და რიტმს აძლევს ისე, როგორც ამას სხვა ვერავინ ახერხებს. ეს უდიდესი თვისებაა. ის არის კაპიტანი, ლიდერი და ის, ვინც ჩვენი თამაშის თითქმის ყველა ფაზაში ტონს ადგენს. ამასთან, ის იმდენად კარგია, რომ შეუძლია თამაშის მიმდინარეობა სულ რაღაც ათ წამში შეცვალოს და მოერგოს სიტუაციას.
ოდეგორი ამ სეზონში ხშირად ხდებოდა კრიტიკის ობიექტი და გაჩნდა ვარაუდებიც, რომ მისი მომავალი კლუბში შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ნახევარმცველს კონტრაქტის დასრულებამდე ორი წელი რჩება, თუმცა, როგორც ცნობილია, არტეტას მისი შენარჩუნება ძალიან სურს. არსენალის მწვრთნელმა კაპიტანი დაიცვა და აღნიშნა, რომ სტაბილურობის ნაკლებობა მხოლოდ ტრავმების ბრალია:
აშკარაა, რომ მას ძალიან რთული სეზონი ჰქონდა იმ დღეებისა და თამაშების რაოდენობის გამო, რომლებიც გამოტოვა, რაც მისთვის უჩვეულოა. ის არის მოთამაშე, რომელსაც რიტმი და გუნდთან მუდმივი კავშირი სჭირდება. არა მხოლოდ მან დაკარგა ეს შესაძლებლობა, არამედ გუნდსაც ძალიან დააკლდა ის, რაც მას მოაქვს.
ეს არის ისეთი დეტალები, რაც საზოგადოებისთვის შეუმჩნეველია ან სტატისტიკაში არ ჩანს, მაგრამ გუნდის იდენტობისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ოდეგორი საუკეთესო ფორმაში და ჩვენთან ერთად, რადგან მარტინთან ერთად ბევრად უკეთესი გუნდი ვართ.