რობერტო დე ძერბი ამ უქმეებზე ტოტენჰემის სათავეში პირველ მატჩს ჩაატარებს.
იგი იმედოვნებს, რომ იმ კომენტარების თემას, რომლებიც მან მარსელში მუშაობისას მეინსონ გრინვუდის შესახებ გააკეთა, წერტილი დაესმება.
ტოტენჰემის გულშემატკივართა რამდენიმე ჯგუფი ამტკიცებდა, რომ დე ძერბი ჩრდილოეთ ლონდონური კლუბის მწვრთნელად არ უნდა დანიშნულიყო. უკმაყოფილების მიზეზი გახდა მისი სიტყვები, როდესაც მან გრინვუდს „კარგი ბიჭი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა „ძვირად დაუჯდა“ ის კრიტიკა, რომელიც 2022 წელს გაუპატიურებისა და თავდასხმის ბრალდებით დაკავებას მოჰყვა.
მეინსონ გრინვუდი 2022 წლის 31 იანვარს დააკავეს გაუპატიურებისა და თავდასხმის ეჭვით. 1 თებერვალს მას ბრალი დაუმძიმდა სექსუალური ძალადობისა და მკვლელობის მუქარის მუხლებით. ოქტომბერში მას ოფიციალურად წარედგინა ბრალდება გაუპატიურების მცდელობის, მაკონტროლებელი და იძულებითი ქცევის, ასევე სხეულის განზრახ დაზიანების მუხლებით. გრინვუდი ბრალს უარყოფდა, მოგვიანებით კი მანჩესტერის პოლიციამ ყველა ბრალდება მოხსნა.
დე ძერბის კომენტარებმა ტოტენჰემის ქომაგებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იტალიელმა მწვრთნელმა პირველივე ინტერვიუში სცადა სიტუაციის განმუხტვა. მან ბოდიში მოიხადა იმ სიტყვებისთვის, რომლებითაც თითქოს გრინვუდს იცავდა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ყველაზე დაუცველთა მხარეს დგას.
პირველ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე დე ძერბიმ თქვა, რომ გულშემატკივართა მძაფრი რეაქცია მისთვის გასაკვირი არ ყოფილა:
არ გავკვირვებულვარ. ცოტა ვნანობ და მეწყინა, რომ ასე მოხდა, რადგან ვწუხვარ, თუ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე. უნდა გავიმეორო ის, რაც ადრე ვთქვი. ეს თემა ჩემთვის ძალიან ახლობელი და სენსიტიურია, როგორც პიროვნებისთვის და როგორც მამისთვის, რომელსაც ქალიშვილი ჰყავს. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ნებისმიერი ტიპის ძალადობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ქალების მიმართ.
საუბარი არ არის მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე, მე სექსისტური ხუმრობების ან მსგავსი ქცევის წინააღმდეგიც ვარ. მე მყავს ქალიშვილი და ეს საკითხი პირადად მეხება. ვიცი, ვინ ვარ და რა ფასეულობების ადამიანი ვარ, ამიტომ კითხვებს ჩემი წყობიდან არ გამოვუყვანივა, უბრალოდ ამ ყველაფრის გამო გულდაწყვეტილი ვარ.
დე ძერბიმ დაამატა, რომ იმედი აქვს, გულშემატკივრები მის ბოდიშს მიიღებენ და ყველა შეძლებს წინსვლას.