საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-7 ტურში სპორტინგთან მარცხის (1:2) შემდეგ, გუნდის მეკარე, ლუკა შევალიე გააკრიტიკა.
90-ე წუთზე ფრანსიშკუ ტრინკაუმ კარის შუაში ძლიერი დარტყმა შეასრულა, რომელიც შევალიემ წინ მოიგერია და ლუის სუარესს დამატებაზე გამარჯვების გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა.
„პირველ გოლში ის დამნაშავე არ არის, მაგრამ მეორეში… დონარუმას, რომელსაც ხშირად სამართლიანად აკრიტიკებდნენ, გასულ სეზონში დიდ მატჩებში თავი დამაჯერებლად ეჭირა. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა მისგან გამორჩეული თამაში იყო საჭირო, ის თავის დონეს ამტკიცებდა.
შევალიეს კი პოზიციის შერჩევაში ბალანსი დააკლდა, ცოტა დაბნეული ჩანდა. წონასწორობა დაკარგა და გაუკვირდა, რამდენად ძლიერად მოდიოდა ბურთი, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ შუაში მოდიოდა. დიახ, ვფიქრობ, ეს აშკარა შეცდომაა.
თუ გინდა ბოლომდე გახვიდე და დიდი ტიტულები მოიგო, ასეთი მეკარე არ გამოგადგება… ამ ეტაპზე შევალიეს რაღაც აკლია, რომ დომინანტი იყოს“, — განაცხადა პეტიმ.