მიუნხენის ბაიერნმა ბუნდესლიგის 31-ე ტურში ნამდვილი საოცრება მოახდინა: პირველი ტაიმის შემდეგ მაინცთან 0:3-ს აგებდა, თუმცა მეორე ნახევარში თამაში შემოაბრუნა და 4:3 გაიმარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანის ექსპერიმენტულმა და ახალგაზრდულმა შემადგენლობამ მატჩის დასაწყისში სერიოზული ფიასკო განიცადა, ვარსკვლავურმა სათადარიგო სკამმა ვითარება გამოასწორა.
ამ მატჩში კომპანიმ შანსი 18 წლის სენეგალელ ნახევარმცველს, ბარა საპოკოლს მისცა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა. თამაშის წინ მწვრთნელმა მისი არჩევანი ასე განმარტა:
მან ეს პრივილეგია დაიმსახურა. პირველ გუნდში ადგილი არასდროსაა საჩუქარი. ასეთ თამაშში მონაწილეობისთვის ნამდვილი სიმწიფეა საჭირო. ეს დიდი გამოცდაა საპოკოსთვის, ისევე როგორც სხვა ბიჭებისთვის. რაღაც მომენტში ეს ყველამ უნდა გაიაროს. საბოლოოდ დგება შესაფერისი მომენტი მათ შემოსაყვანად
თუმცა, ექსპერიმენტმა პირველ ტაიმში არ გაამართლა. საპოკო მაინცის პრესინგის ქვეშ დაიბნა და ორი გაშვებული გოლის ეპიზოდში შეცდომა დაუშვა. სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც მოედანზე ჰარი კეინი, ჯამალ მუსიალა და მაიკლ ოლისე გამოვიდნენ.
https://adjarabetarena.com/ka/video/video-30-dan-34-baiernis-saotsari-qambeqi-maintstan
ნიკოლას ჯექსონი: ფლოპი თუ ეფექტური ბომბარდირი?
მატჩის ერთ-ერთი გმირი 24 წლის ნიკოლას ჯექსონი გახდა. კოლუმბიელმა, რომელიც ჩელსიდან იჯარით არის გადმოსული, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი გაკრიტიკება ნაადრევია. მან მიმდინარე სეზონის 29 მატჩში 10 გოლი და 4 ასისტი მიითვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყოველ 82 წუთში ერთ საგოლე მოქმედებაში მონაწილეობს. სწორედ ჯექსონის გოლმა ჩაუყარა საფუძველი ბაიერნის ქამბექს მაინცში.
მზადება პსჟ-სთან ნახევარფინალისთვის
სერჟ გნაბრის ტრავმის ფონზე, ბაიერნის შემტევი ხაზი პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია: შეტევას ჰარი კეინი უძღვება, ფლანგებზე ლუის დიასი და მაიკლ ოლისე იმოქმედებენ, ხოლო ათიანის პოზიციას ჯამალ მუსიალა დაიკავებს. მაინცთან ნაჩვენები მეორე ტაიმი იდეალური რეპეტიცია იყო სამშაბათს, პსჟ-ს წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ. მიუხედავად იმისა, რომ პარიზული კლუბი გაცილებით მაღალი დონისაა, ბაიერნის შემტევი ტრიოს სინქრონული თამაში ფრანგებს ბევრ საფიქრალს გაუჩენს.