ბარსელონა შეტევის ხაზის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს.
ხულიან ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებული სირთულეების ფონზე მთავარ სამიზნედ მილანის ინტერის კაპიტანი, ლაუტარო მარტინესი იქცა.
კატალონიური კლუბი მზად არის, არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ იტალიურ მხარეს პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართოს, თუმცა შეთავაზება 100 მილიონ ევროზე ნაკლები ოდენობის იქნება.
ინტერთან მოლაპარაკებები ადვილი არ იქნება, რადგან 28 წლის ფორვარდი მილანში თითქმის ათწლეულს ითვლის, კლუბის კაპიტანი და გულშემატკივრების ფავორიტია, მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2029 წლამდეა ძალაში.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერს არ აქვს ფეხბურთელის გაყიდვის სურვილი, ჰანსი ფლიკისა და სპორტული დირექტორის, დეკუს მიერ ამ ტრანსფერის მხარდაჭერა იზრდება, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მხარეები მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში შეეცდებიან.