ჩავი ლაპორტას გამო ბარსელონას ლეგენდების მატჩებიდან მოკვეთეს.
ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველი და მწვრთნელი, ჩავი კლუბის ლეგენდების გუნდის შემადგენლობიდან მაიამისა და სეულში გამართულ ბოლო ორი შეხვედრიდან მოკვეთეს.
As-ის ინფორმაციით, ჩავის ჩამოშორება უკავშირდება მის პოზიციას ჟოან ლაპორტას წინააღმდეგ, რომელიც მან მიმდინარე წელს გამართულ ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიკავა. ჩავიმ მხარი ვიქტორ ფონტის კანდიდატურას დაუჭირა, რომელიც საბოლოოდ მოქმედ პრეზიდენტთან დამარცხდა.
აღინიშნება, რომ ეს აკრძალვა, სავარაუდოდ, მომავალშიც ძალაში დარჩება, ვინაიდან ლეგენდების გუნდის შემადგენლობის ფორმირებაზე პასუხისმგებელი ალეხანდრო ეჩევარიაა - ლაპორტას ყოფილი სიძე და თანამებრძოლი, რომელსაც ჩავი არჩევნების მსვლელობისას აქტიურად აკრიტიკებდა. ჩავი ეჩევარიას ბარსელონას ფაქტობრივ მართვაში ადანაშაულებდა და მიიჩნევდა, რომ თავის დროზე მისი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებაც სწორედ მისი გავლენით იქნა მიღებული.
As-ის ცნობით, ყოფილი ფეხბურთელი ამ სიტუაციით უკიდურესად აღშფოთებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩავის აგენტებს დაუკავშირდა ლუის სა - დეკუს სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი და კლუბის ვეტერანთა მატჩების ამჟამინდელი ორგანიზატორი. მათ შეატყობინეს, რომ ჩავის დასწრება არასასურველია და სეულის თამაშზე მისი კანდიდატურა უარყვეს.
თავის მხრივ, ბარსაში ამტკიცებენ, რომ საქმე გვაქვს დროებით პრობლემასთან, რომელიც დროთა განმავლობაში მოგვარდება.