ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ 2021 წელს ლიონელ მესის წასვლას ისტორიული შეცდომა უწოდა.
„ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მან კლუბის ისტორიაში საუკეთესო წლები გვაჩუქა. როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, ვგეგმავდით, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ის მაიამიში წავიდოდა. ბექჰემი უკვე ჩამოსული იყო ბარსელონაში, მისთვის ეს მნიშვნელოვანი მიზანი გახლდათ. საბოლოოდ მან მესი გაიფორმა კიდეც, თუმცა ჩვენ ვეღარ შევძელით მისი თამაშით ბარსაში დავმტკბარიყავით.
მისი წასვლა ისტორიულ შეცდომად მეჩვენება სპორტული, ეკონომიკური და კომერციული გავლენის გამო. ფინანსური პრობლემები, რომლებსაც ბოლო წლებში შევეჯახეთ, ნაწილობრივ სწორედ მისი დონის მოთამაშის არყოლას უკავშირდება. საკმარისია გადავხედოთ პსჟ-ს ან ინტერ მაიამის მაჩვენებლებს. ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი.
– თუმცა, თქვენ გამოგიგზავნათ ბიუროფაქსი გაშვების თხოვნით...
– ამის გაგება პანდემიით გამოწვეული პრობლემების ფონზე შეიძლებოდა. უკვე ვამბობდი, რომ თანამშრომლებს ხელფასები 14%-ით შევუმცირეთ, რამაც კლუბს დაახლოებით 90 მილიონი ევრო დააზოგვინა.
აგვისტოში მათ ხელახლა სთხოვეს ხელფასების 20%-ით შემცირება. ამას დაემატა ლისაბონში ბაიერნთან 2:8 მარცხი, რაც ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო. რონალდ კუმანს ცვლილებები სურდა, მესიმ წასვლა გადაწყვიტა, თუმცა მას კონტრაქტი ჰქონდა და მე უარი ვუთხარი, რადგან ის ბარსას სჭირდებოდა“, - განაცხადა ბართომეუმ.