ბარსელონამ ანდრეას კრისტენსენს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა ახალი პირობები შესაძლოა ფეხბურთელისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. დანიელი მცველი ბოლო სამი სეზონის დიდ ნაწილს ტრავმებთან ბრძოლაში ატარებს, რის გამოც კლუბის გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო.
29 წლის მცველს მოქმედი ხელშეკრულება ამ ზაფხულს ეწურება. ის ახლა რეაბილიტაციას გადის და მოედანზე დაბრუნებას ამ თვეში გეგმავს. ბარსელონამ მის აგენტს ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუგზავნა.
ახალი კონტრაქტის დეტალები
გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, კლუბი ფეხბურთელს 2-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, თუმცა ხელფასის 50%-ით შემცირებას ითხოვს. ბარსელონაში აფასებენ მის პროფესიონალიზმს, მაგრამ ტრავმების ისტორიის გამო, მისი შენარჩუნება მხოლოდ დაბალ ფასად სურთ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თუ კატალონიელები ალესანდრო ბასტონის ტრანსფერზე შეთანხმდებიან, კრისტენსენს გუნდიდან გაუშვებენ.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა კრისტენსენი ამ პირობებს. ადრე ის ამბობდა, რომ პრიორიტეტი ბარსელონაში დარჩენა იყო, თუმცა მაშინ ხელფასის ასეთ რადიკალურ შემცირებაზე საუბარი არ ყოფილა. კლუბს პასუხი ჯერ არ მიუღია. არსებობს მოლოდინი, რომ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებას და სხვა შემოთავაზებების მოსმენას ამჯობინებს.