არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი, ენცო ფერნანდესი ლიონელ მესის მიერ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა.
39 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა არგენტინის ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ვინ და როგორ გამოეხმაურა მესის ამბავს?
„ლეო, როდესაც თქვი, რომ ეროვნული ნაკრებიდან მიდიხარ, ძალიან დავსევდიანდი.
ჯერ კიდევ სრულიად ბავშვი ვიყავი და მუდმივად ვითვლიდი, ჩემს ასაკს შენსას ვადარებდი, რათა მივხვდარიყავი, შევძლებდი თუ არა ოდესმე შენთან ერთად თამაშს. სულელურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობდი: კიდევ რამდენი წელი დარჩა შენთვის, რამდენი დამრჩა მე პროფესიონალურ ფეხბურთში მოხვედრამდე და ვოცნებობდი, რომ თუნდაც ერთხელ მაინც ვითამაშებდით ერთად არგენტინის ნაკრებში.
ბედნიერებაა, რომ მაშინ დაბრუნდი. რეალობა კი იმაზე გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე იმ ბავშვს წარმოედგინა. ჩვენ უბრალოდ კი არ ვითამაშეთ ერთად - ერთად დავდიოდით შეკრებებზე, ვიყოფდით გასახდელს, ვსაუბრობდით, ვეხვეოდით ერთმანეთს, გადავიტანეთ რთული პერიოდები, დაუჯერებელი მომენტები და საბოლოოდ ერთად გავხდით მსოფლიო ჩემპიონები.
მაგრამ უპირველესყოვლისა, ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისთვის, თუ როგორ მეპყრობოდი ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან. ჩამოვედი იმ იმედით, რომ მოედანზე ჩემს კერპთან ერთად გავიდოდი, მაგრამ ვიპოვე ადამიანი, რომელმაც პირველივე მომენტიდან მაგრძნობინა, რომ გუნდის ნაწილი ვიყავი. შენ ყოველთვის გქონდა ჩემთვის თბილი სიტყვა, რჩევა, ჩახუტება ან უბრალოდ ჩემი დამშვიდების გზა, როცა ეს მჭირდებოდა. ეს არასოდეს დამავიწყდება.
დღეს მიჭირს მომდევნო საწვრთნელი შეკრების წარმოდგენა შენ გარეშე. მოედანზე გასვლა და შენი არდანახვა 10-იან ნომერში... ამდენი წელი იქ იყავი და თითქოს შეუძლებელია სხვა რამის წარმოდგენა.
როგორ გამიმართლა, ლეო. როგორ გაუმართლა იმ ბიჭს, რომელიც ითვლიდა და არ იცოდა, საერთოდ გამოუვიდოდა თუ არა. მადლობა იმისთვის, როგორ მეპყრობოდი, ყველაფრისთვის, რაც მასწავლე და იმისთვის, რომ ნება მომეცი, შენი ისტორიის ნაწილი გავმხდარიყავი.
ძალიან დაგვაკლდები, კაპიტანო“, - დაწერა 25 წლის ენცომ.