-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართველი ნახევარმცველი ანდალუსიურ კლუბს ლისაბონის სპორტინგიდან 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში ვერ მოასწრო, ის ბილბაოს ატლეტიკთან მატჩის განაცხადში მოხვდა.
ახლა კი ქოჩორაშვილი შაბათს, მადრიდის ატლეტიკოსთან შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა მისთვის სევილიას მაისურით სადებიუტო მატჩი გახდეს.
ქოჩორაშვილი რობი იურთან ერთად წარადგინეს. პრეზენტაციას კლუბის სპორტული დირექტორი ხოსე იგნასიო ნავაროც ესწრებოდა.
ქართველმა ფეხბურთელმა სევილიაში გადასვლაზე ისაუბრა:
„უპირველესად, მინდა კლუბს მადლობა გადავუხადო იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ჩემს აქ მოსაყვანად გასწია. ძალიან დატვირთული რამდენიმე დღე იყო.
ახლა იმ ადგილას ვარ, სადაც ბავშვობაში ხშირად წარმომედგინა საკუთარი თავი ფეხბურთის თამაშისას.
ადაპტაცია მარტივად მიმდინარეობს. გასახდელში ისეთი ატმოსფეროა, სადაც ყველა ბოლომდე იხარჯება და თითოეული მატჩისთვის იბრძვის.“
ქოჩორაშვილისთვის სევილია განსაკუთრებული კლუბია, რადგან საქართველოში ბავშვობიდან ადევნებდა თვალს გუნდს, თანაც იმ პერიოდში, როდესაც ანდალუსიელები თავიანთ ისტორიაში ერთ-ერთ ოქროს ხანას გადიოდნენ.
„ტრანსფერზე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მშვიდად ვიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები.
საქართველოში ბევრი მატჩის ნახვის შესაძლებლობა არ გვქონდა, მაგრამ ბავშვობაში ესპანურ ფეხბურთს ვუყურებდი და მსგავს შესაძლებლობაზე ვოცნებობდი.
იმ პერიოდში სევილია ბევრს იგებდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისეთი დიდი გუნდისთვის ვითამაშებ, როგორიც სევილიაა.
წლების განმავლობაში იბორასთან, კოკესთან და კამპანიასთან, ადამიანებთან, რომლებსაც აქ უთამაშიათ, ხშირად მისაუბრია იმაზე, თუ რას ნიშნავს სევილია.
ამ კლუბის ღირებულებები ჩემსას ჰგავს. ამიტომ ვიცი, რომ ამ მაისურისთვის ყველაფერი უნდა გავიღო“, - განაცხადა მან.
ქოჩორაშვილმა ასევე ახსენა თავისი მეგობარი კარლოს ალვარესი, სევილიას აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, რომლის კლუბში შესაძლო დაბრუნებაზეც საუბრობენ:
„კარლიტოსს ხშირად ვესაუბრები, რადგან ლევანტეში ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ფეხბურთში მოთამაშეების გზები განსხვავებულია. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.
მე მას ვუთხარი, რომ ერთ დღეს ერთად ვითამაშებდით.
მთელი ყურადღება ატლეტიკოსთან მატჩზე:
„მე ვარ ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს აწმყოზე.
ახლა ჩვენი მიზანი მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩია. ამაზე შორს არ ვიყურები.
საკმარისი გამოცდილება მაქვს როგორც კარგი, ისე რთული პერიოდების. გუნდსა და მწვრთნელს უნდა დავეხმაროთ და ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, რათა ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ“, - განმარტა ქოჩორაშვილმა.
გარსია პლასას ცენტრალური ნახევარმცველი სჭირდებოდა და ქართველი ფეხბურთელი გუნდში დიდი სიხარულით მიიღო. ქოჩორაშვილს აგუმესთან ერთად მოუწევს თამაში, თუმცა მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ.
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ყველგან ვთამაშობ, სადაც გუნდს ვჭირდები.
ყველამ ვიცით, რომ ჩემი ძლიერი მხარე „რვიანის“ პოზიციაზე თამაშია, რადგან შემიძლია შეტევაში ჩავერთო, ამავდროულად კი გუნდს დაცვაშიც დავეხმარო და ბურთის ფლობაშიც ჩემი წვლილი შევიტანო. ძალიან მინდა მოედანზე გასვლა და გულშემატკივრების მხარდაჭერის შეგრძნება.
მსურს ვიგრძნო ის ატმოსფერო, რომლის შესახებაც ყველა მიყვებოდა. ქალაქში მეუღლესთან ერთად უკვე გავისეირნე და ხალხის სითბოც ვიგრძენი“, - დაასრულა ქართველმა ნახევარმცველმა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები