• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
გიორგი ქოჩორაშვილის პირველი ინტერვიუ სევილიაში
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

გიორგი ქოჩორაშვილის პირველი ინტერვიუ სევილიაში

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სევილიაში გადასვლის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.


ქართველი ნახევარმცველი სევილიაში მისვლიდან სულ რამდენიმე საათში უკვე ნამდვილი სევილიელივით საუბრობს:


„ყველაფერი შესანიშნავი იყო, ძალიან ინტენსიური, თუმცა კლუბის თანამშრომლებმა და თანაგუნდელებმა ყველაფერი ბევრად გამიმარტივეს. ჩამოსვლა, მგზავრობა და იმის ნახვა, თუ როგორ იბრძოდა გუნდი გუშინ... აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ და ახლა საქმეს უნდა შევუდგეთ. უკვე მგზავრობისას და წინა საღამოს ვახშამზე მათთან ძალიან კარგი კავშირი დავამყარე.


აქ საოცრად ჯანსაღი ატმოსფეროა, რაც გასახდელში ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად სწორედ ასეთი გარემო ცვლის მატჩებისა და ჩემპიონატების ბედს.


ვახშამზე ოდისეასთან ბევრი ვისაუბრე. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მის წინააღმდეგ მითამაშია და ბევრი რამ გვაქვს საერთო. მას პორტუგალიაშიც უთამაშია და კარგად გავუგეთ ერთმანეთს. აქ არსებულმა ერთიანობამ ყველაფერი ბევრად გამიმარტივა.“


გიორგიმ უკვე იცის, რას ელის მისგან ლუის გარსია:


„მწვრთნელს ცოტა ხნის წინ ვესაუბრე. ყველაფერი ამიხსნა. მას ჯერ კიდევ ალავესში მუშაობის პერიოდიდან ვიცნობ. ვიცი, როგორ მუშაობს და თავადაც ძალიან მჯერა ვიდეოანალიზის, როგორც ფეხბურთელების უკეთ გაცნობის საშუალების.



ამიხსნეს, როგორი სტილით სურთ თამაში. თანაგუნდელები ვიდეოანალიზის საშუალებით უკვე გავიცანი, მიუხედავად იმისა, რომ მათთან ჯერ არ მივარჯიშია.


ვიცი, რა მოსწონთ მათ მოედანზე და ისიც ვიცი, რომ ლუისი მომთხოვნი ადამიანია, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. მინდა, ვარჯიშზე ვნახო. წარმატების ძალიან დიდი სურვილი მაქვს. წინ ბევრი სამუშაო მელის და ეს ძალიან მაღელვებს, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. დარწმუნებული ვარ, ბევრი შრომა იქნება საჭირო.“


ქოჩორაშვილს ახალ კლუბთან განსაკუთრებული კავშირიც აქვს:


„სევილია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ კლუბს უდიდესი ისტორია აქვს. ისეთ დიდ კაპიტნებთან მისაუბრია, როგორებიც იბორა და კოკე არიან. მათ ამ კლუბის ღირებულებები გამიზიარეს, თუმცა ამ ყველაფრის უკან კიდევ ერთი ლამაზი ისტორიაც დგას.


საქართველოში ბევრი დიდი მატჩის სტადიონიდან ნახვის შესაძლებლობა არ გვაქვს. ერთადერთი ორი დიდი შეხვედრა, რომელსაც დავესწარი, 2011 წელს ესპანეთი-საქართველო და 2015 წელს თბილისში გამართული ევროპის სუპერთასი იყო.


მახსოვს, იმ დღეს ბილეთი არ მქონდა და ველოდებოდი. მატჩამდე ორი საათით ადრე მითხრეს, რომ ბილეთი მქონდა და ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო.



ის ბილეთი დღემდე შენახული მაქვს. სევილიას ბავშვობიდან ვიცნობ. ჩემთვის ასეთი დიდი და ამდენი ტიტულის მქონე კლუბის წევრობა ახდენილი ოცნებაა.


ეს გულიდან მოდის. გუშინ, სახლში დაბრუნებისას, კლუბის ჰიმნს ბევრჯერ მოვუსმინე. უსმენ და ის შენში აღწევს. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ყველამ გაიღო. მეც მზად ვიყავი, ყველაფერი გამეკეთებინა აქ მოსასვლელად.“


როდესაც მას 2015 წლის სევილიაზე ჰკითხეს, გიორგი პასუხობს:


„ისინი აჩვენებდნენ, რომ არასდროს დანებდებოდნენ. შესაძლოა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ ყოველთვის იგრძნობოდა ერთმანეთის რწმენა და ერთმანეთის გამხნევების სურვილი. ეს ჩემთან ძალიან ახლოსაა.


როდესაც პატარა ვიყავი, ჩემს საძინებელში ინგლისურად მქონდა დაწერილი დევიზი: „არასდროს დანებდე“. მე არასდროს დავნებდები და არც სევილია დანებდება.“


ქოჩორაშვილმა ასევე ისაუბრა იბორასა და კოკეზე, რომლებიც ლევანტეში მისი კაპიტნები იყვნენ:


„მათ ბევრი რამ მასწავლეს. მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე.



დიდებული კაპიტნები და თანაგუნდელები მყავდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათგან ვისწავლე, თავმდაბლობა და თანაგუნდელების დახმარებაა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.


სწორედ ეს ღირებულებები მომაქვს თან. მადლობელი ვარ იმ დროისთვის, რომელიც მათ ჩემთან გაატარეს, საუბრებისთვის და ყველაფრისთვის, რაც მათგან ვისწავლე.“


დღევანდელი ქოჩორაშვილი იმ ფეხბურთელისგან განსხვავდება, რომელმაც კარიერა დაიწყო:


„ძალიან შეიცვალა. ბევრი იშრომა, ბევრჯერ დაეცა და ისევ წამოდგა.


თუმცა მან ისიც ისწავლა, რომ ფეხბურთი მხოლოდ შენ არ ხარ. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა და ახლა მესმის, რომ შენ გარშემო მყოფები უნდა დაინახო, გაუგო მათ და საკუთარი თამაში მოარგო.


უნდა დაეხმარო მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში და გაიგო, შენ რისი მიცემა შეგიძლია მათთვის და მათ - შენთვის. ის კვლავ ის გიორგია, რომელიც მოედანზე თამაშის უდიდესი სურვილით გადიოდა, ეს არ შეცვლილა, თუმცა ახლა უფრო მომწიფებულია და იცის, რომ გარკვეული საზღვრები არსებობს. პირველი უნდა იყო, ვინც თანაგუნდელს დაეხმარება.“


საინტერესოა, რომ ქოჩორაშვილის პირველი გამოძახება ლევანტეს ლა ლიგის განაცხადში სწორედ სევილიასთან მატჩზე შედგა. ამ დღიდან მას ბევრი მოგონება დარჩა:


ჟირონაში მყავდა მეგობარი, რომელთან ერთადაც ვთამაშობდი და რომელიც აქაც თამაშობდა, ეს ბონოა.



შესანიშნავი ადამიანია. ჟირონაში 18 წლის ვიყავი და ის ყოველთვის მეკითხებოდა, როგორ ვიყავი, რაღაცებს მასწავლიდა და ჩემს ყველა პენალტს იგერიებდა.


იმ დღეს ხესუს ნავასთან მისალმებაც მინდოდა, რადგან მას ესპანეთის ნაკრებიდან ვიცნობდი.


მახსოვს, ასეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ პირველად განაცხადში მოხვედრა ჩემთვის ახდენილი ოცნება იყო.“


ქოჩორაშვილმა სევილიას სტადიონზე პირველად შესვლის ემოციაც გაიხსენა:


„რამდენიმე დღის წინ, როდესაც სტადიონზე შევედი, ისეთი განცდა მქონდა, როგორიც სახლის არჩევისას გაქვს.



ზოგ სახლში შედიხარ და ხვდები, რომ არ მოგწონს. მაგრამ არის სახლები, სადაც შედიხარ და ამბობ: „ეს ის ადგილია, სადაც უნდა დავრჩე“. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ვიგრძენი, რომ სწორ ადგილას მოვხვდი.


ზოგჯერ ასეთი შეგრძნება გაქვს, ზოგჯერ - არა, მაგრამ მე ეს იმ სტადიონზე ვიგრძენი, სადაც უნდა ვითამაშო.“


და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ტრიბუნებზე გულშემატკივრები არც კი იყვნენ:


„გუშინ უკვე ვიგრძენი მათი მხარდაჭერა, რადგან როდესაც სან მამესზე ჩვენი ჰიმნის სიმღერა დაიწყეს ,სადაც მისი გაგონება ძალიან რთულია, ხმა მაინც ისმოდა. ჰიმნი ძალიან მიყვარს და როდესაც მას ჩვენს სტადიონზე მოვისმენ, შეიძლება რამდენიმე ცრემლიც კი წამომივიდეს.


მე სევილიელი არ ვარ, მაგრამ ეს გულზე გეხება.


მოედანზე საკუთარ პოზიციაზე საუბრისას ქოჩორაშვილი ამბობს:


„ისეთი ფეხბურთელი ვარ, რომელიც ცდილობს თანაგუნდელებს დაეხმაროს, რათა მათი დახმარებაც მივიღო.


მიყვარს შეტევაში ჩართვა, დაცვაში თამაში, ბურთის კონტროლი, თანაგუნდელებთან მუდმივი კავშირი და კომუნიკაცია.


ბავშვობიდან ვამბობდი, რომ მინდოდა ვყოფილიყავი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს დაცვაში, შეტევასა და ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება. მინდა კომუნიკაცია, ინტენსიურობა და თანაგუნდელების დახმარება.


რვიანის პოზიციაზე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, რადგან შემიძლია უკან ჩამოვიდე ბურთის მისაღებად, დავუკავშირდე თავდამსხმელსა და ფლანგის მცველებს. შემიძლია გრძელი გადაცემების გაკეთება, მაღლა პრესინგი ან შეტევაში ჩართვა.


შეტევაში ჩართვა ძალიან მიყვარს, რადგან როდესაც თავდამსხმელებს კარგად იცნობ, ისინი გაძლევენ იმ რამდენიმე წამს, რომელიც სიღრმიდან გარღვევისთვის გჭირდება. შემიძლია ვითამაშო როგორც ექვსიანად, ისე რვიანად, თუმცა უფრო რვიანი ვარ.“


კითხვაზე, შეიძლება თუ არა სევილიაში გადასვლა მისი კარიერის გარდამტეხი მომენტი გახდეს, გიორგი პასუხობს:


„ყოველი წელი მნიშვნელოვანია. თუმცა ახლა ჩემი კარიერის ისეთ ეტაპზე ვარ, როდესაც სიმწიფე, შრომა, ძალისხმევა, გუნდურობა... ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა.


ეს იდეალური დროა იმისთვის, რომ მოედანზე ის გიორგი გამოვაჩინო, რომელიც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი.


ის ჯერ არ გინახავთ. მე ჩემს თავში უკვე წარმომიდგენია, მაგრამ საუკეთესო ვერსიის საჩვენებლად ეს ყველაფერი დამჭირდება.“


საქართველოს ნაკრებში თამაში მისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა:


„ჩემი ერთ-ერთი ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო.



ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, სადაც საქართველოს მანამდე არასდროს უთამაშია. ეს განსაკუთრებული რამაა, რადგან ხალხთან ძალიან გაკავშირებს. დაახლოებით 3 მილიონი ვართ და ყველა ქუჩაში გამოვიდა აღსანიშნავად.


ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანები, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხია. მოედანზე მუშაობ, შემდეგ კი ხედავ ადამიანების სახეებს, როგორ ეხუტებიან ერთმანეთს.


ჩვენ ეს შევძელით და ეს კლუბიც სწორედ ასეთ ემოციებს გადმოსცემს. იმედი მაქვს, კიდევ ბევრი წარმატება გვექნება როგორც ეროვნულ ნაკრებთან, ისე სევილიასთან ერთად.


მართალია, პირველ გუნდში არა, მაგრამ ქართველი გიორგი აბურჯანია სევილია B-ში უკვე თამაშობდა:


„მას ცოტა ხნის წინ ვესაუბრე. ფიზიოთერაპევტი ანტონიოც იცნობდა მას.



რამდენიმე რჩევა მომცა და ისიც იზიარებს ამ კლუბის ღირებულებებს. არასდროს ნებდება, ბევრს მუშაობს და ძალიან თავმდაბალია.


კიდევ უნდა დავურეკო. გასულ წელს სპორტინგშიც პირველი ქართველი ვიყავი.


ჩემთვის დიდი პატივია ისეთი დიდი კლუბის წევრობა, როგორიც სევილიაა. ქართულ ფეხბურთში ახლა ისეთი პერიოდია, როდესაც ბევრი ფეხბურთელი ჩნდება.


ლა ლიგაში 5 ქართველი თამაშობს, სხვები კი, მაგალითად მამარდაშვილი, პრემიერ ლიგაში არიან. ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ და მას მთელი გულით დავიცავთ.“


სევილიას სეზონის პირველი ორი გამარჯვებით ქოჩორაშვილი ბედნიერია:


„ეს შესანიშნავია. როგორც მწვრთნელმა თქვა, ბიჭებმა პრესეზონზე ძალიან ბევრი იშრომეს. გასახდელში ჩანს ის ხასიათი და დამოკიდებულება, რომელიც კლუბის ემბლემის დასაცავადაა საჭირო. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ.



ეს არის გუნდი, რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ეს ექვსი ქულა მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩის წინ ძალიან დიდი სტიმულია. ჩვენი ძალისხმევით ვეცდებით, მათ საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ.


გიორგი მიიჩნევს, რომ დებიუტისთვის უკვე მზად არის:


ძალიან მინდა. როდესაც 0:3-ს ვიგებდით, სამწვრთნელო შტაბს ვუთხარი, რომ მოედანზე გასასვლელად მზად ვიყავი. როდესაც ანგარიში 1:3 გახდა, უკვე შესაფერისი მომენტი აღარ იყო, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.


აქ იმისთვის ვარ, რომ მოვემზადო და მომდევნო მატჩისთვის მზად ვიყო. იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა, რადგან მზად ვარ.“


ბოლოს ქოჩორაშვილმა ახალ გულშემატკივრებსაც მიმართა:


„ვეტყოდი, რომ ცხოვრებაში არასდროს დანებდნენ. ყოველთვის მხარი დაგვიჭირონ, თუმცა ვფიქრობ, ამის თქმა არც არის საჭირო.


მე კი გპირდებით, რომ ვეცდები ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო, ვიყო ის გიორგი, რომელიც მინდა ვიყო, დავეხმარო თანაგუნდელებს და შემდეგ მატჩში ვნახო, როგორ გვამხნევებენ გულშემატკივრები.


რთულ პერიოდშიც და კარგ პერიოდშიც ყველანი ერთად უნდა ვიყოთ.“

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გიორგი ქოჩორაშვილი
ქართული ფეხბურთი
სევილია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოფიციალურად: სევილიამ ქოჩორაშვილის ტრანსფერი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: სევილიამ ქოჩორაშვილის ტრანსფერი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქოჩორაშვილი განაცხადშია - რა ნომრით ითამაშებს ქართველი სევილიაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქოჩორაშვილი განაცხადშია - რა ნომრით ითამაშებს ქართველი სევილიაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ზურიკო დავითაშვილის პირველი გოლი ახალ სეზონში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ზურიკო დავითაშვილის პირველი გოლი ახალ სეზონში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველო vs უკრაინა - ინფორმაცია ბილეთებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველო vs უკრაინა - ინფორმაცია ბილეთებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 აგვ, 2026

ოფიციალურად: სევილიამ ქოჩორაშვილის ტრანსფერი დაადასტურა

News image

21 აგვ, 2026

ქოჩორაშვილი განაცხადშია - რა ნომრით ითამაშებს ქართველი სევილიაში?

News image

22 აგვ, 2026

VIDEO: ზურიკო დავითაშვილის პირველი გოლი ახალ სეზონში

News image

7 სთ წინ

საქართველო vs უკრაინა - ინფორმაცია ბილეთებზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება