ბელგიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში მარცხს თავი ძლივს აარიდა.
სიეტლში გამართულ შეხვედრაში რუდი გარსიას გუნდი ეგვიპტეს დაუპირისპირდა და ფრეს, 1:1-ს დასჯერდა. ბელგიელები წაგებისგან სათადარიგო სკამიდან ჩართულმა რომელუ ლუკაკუმ იხსნა, რომლის აქტიურობამაც მეტოქის ავტოგოლი გამოიწვია.
ბელგია მატჩს ფავორიტის სტატუსით შეხვდა, თუმცა მე-19 წუთზე იმამ აშურის შორეული დარტყმით ეგვიპტე დაწინაურდა. პირველ ტაიმში მოჰამედ სალაჰისა და ემამ აშურის ლიდერობით ეგვიპტელები ბევრად სხარტად თამაშობდნენ, ბელგია კი მოედანზე გადაცემების გადაბმასაც ვერ ახერხებდა და მეტოქის კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამს.
სიტუაცია მეორე ტაიმში შეიცვალა - ჯერ კევინ დე ბრუინმა გაარტყა ჯარიმიდან ბურთი ძელს, შემდეგ კი მოედანზე ლუკაკუ გამოჩნდა. თომას მენიეს სახიფათო ჩაწოდებისას, ლუკაკუს შიშით, ეგვიპტელთა მცველმა მოჰამედ ჰანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩის მიწურულს ბიგ რომს მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ თავით არაზუსტად დაარტყა. ბელგიის ნაკრებმა თამაში აშკარად ჩააგდო, თუმცა შეცვლებმა გაამართლა და რუდი გარსიას გუნდმა უმნიშვნელოვანესი ქულა გადაარჩინა.